AP: ჯანდაცვის სააგენტო მივლინებებზე უფრო მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე შიდსზე

თბილისი (BPI) – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი მარგარეტ ჩანი გვინეაში გაემგზავრა ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად ებოლას წინააღმდეგ მსოფლიოში პირველი ვაქცინის შემოღებასთან დაკავშირებით.

ამ მომაკვდინებელ ვირუსზე გამარჯვებისთვის დასავლეთ აფრიკაში ჯანდაცვის მუშაკების შექების შემდეგ მარგარეტ ჩანმა სანაპიროზე არსებულ სასტუმრო Palm Camayenne-ის პრესტიჟულ საპრეზიდენტო ნომერში გაათია ღამე. მარმარილოს აბაზანისა და რვა ადგილიანი სასადილო ოთახის მქონე ნომერში განთავსების ფასი ღამეში 900 ევროა ($1,008).

ზოგიერთი ამბობს, რომ ასეთი მდიდრული სასტუმროები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დანარჩენ 7 000 თანამშრომლისთვის არასწორი გზავნილია.

The Associated Press-ის მიერ მოპოვებული შიდა დოკუმენტების თანახმად, გაეროს ჯანდაცვის სააგენტო წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავდა მივლინებებზე, ანუ მეტ თანხას, ვიდრე ის გამოყოფს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში არსებულ უდიდეს პრობლემებთან საბრძოლველად, შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის ჩათვლით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხარჯები

201 მილიონი აშშ დოლარი – დაახლოებით 7,000 აპარატის თანამშრომლის სამივლინებო ხარჯები 2016 წ.

70.5 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა შიდსსა და ჰეპატიტთან ბრძოლაზე

61 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა მალარიასთან ბრძოლაზე

23 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნივთიერებების ბოროტად გამოყენების პრობლემის მოგვარებაზე

59 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა ტუბერკულოზთან ბრძოლაზე

გასულ წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაახლოებით 71 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა შიდსსა და ჰეპატიტზე. მან 61 მილიონი აშშ დოლარი გამოყო მალარიისთვის. ტუბერკულოზის გავრცელების შესანელებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 59 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა. ამ დრომდე, ჯანდაცვის ზოგი პროგრამა იღებს განსაკუთრებულ დაფინანსებას – სააგენტო ყოველწლიურად დაახლოებით 450 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავს პოლიომიელიტის აღმოსაფხვრელად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ამბობს, გადაიხადა თუ არა მან კონაკრიში სასტუმრო Palm Camayenne-ში მ. ჩანის განთავსების ღირებულება, მაგრამ აღნიშნავს, რომ ზოგჯერ მასპინძელი ქვეყნები თავად იხდიან სასტუმროში მისი განთავსების ხარჯებს.


სასტუმრო Palm Camayenne კონაკრიში, გვინეა. (AP ფოტო/იუსუფ ბაჰი)

იმ დროს, როცა ფინანსური სირთულეების მქონე ჯანდაცვის სააგენტო უფრო მეტ თანხებს ითხოვს მსოფლიო მასშტაბით ჯანდაცვაში არსებულ კრიზისებზე რეაგირების დასაფინანსებლად, მას ბრძოლა მოუწია, რათა კონტროლი დაეწესებინა თავის სამივლინებო ხარჯებზე. ხელმძღვანელმა პირებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის თაობაზე, რომ გაეროს აპარატის თანამშრომლები არღვევენ ახალ წესებს, რომლებიც შემოღებული იყო მისი მაღალი სამივლინებო ხარჯების, ბიზნეს კლასის ავიაბითელების და ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ნომრების დაჯავშნის პრივილეგიების შესაზღუდად.

 “ჩვენ არ ვენდობით ადამიანებს, როცა საქმე მივლინებას ეხება”, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფინანსურმა დირექტორმა ნიკ ჯეფრისმა 2015 წლის სექტემბერში გამართულ შიდა სემინარზე ანგარიშვალდებულების თემაზე, რომლის ამსახველი ვიდეოჩანაწერიც AP-მა მოიპოვა.

მიუხედავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უამრავი სამივლინებო რეგულაციებისა, ჯეფრისმა განაცხადა, რომ აპარატის თანამშრომლებს “ზოგჯერ შეუძლიათ მათი მივლინებით მცირედი მანიპულირება”. სააგენტო ვერ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ მისი თანამშრომლები ყოველთვის ყველაზე დაბალი ტარიფებით ჯავშნიდნენ მგზავრობას ან რომ მათი მივლინება საჭირო იყო, განაცხადა მან.

 ადამიანებმა ყოველთვის სწორად არ იციან, თუ რა არის სწორი” – განაცხადა ჯეფრისმა.

მ. ჩანის ოფისის აღმასრულებელმა დირექტორმა იან სმიტმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სააგენტო ხშირად ბევრს არაფერს აკეთებდა არამართლზომიერი ქცევის შესაჩერებლად.

“ჩვენ, როგორც ორგანიზაცია, ზოგჯერ ვფუნქციონირებთ იმგვარად, თითქოს წესები იმისთვის არსებობს, რომ დარღვეულ იქნას და რომ გამონაკლისები წესი უფროა, ვიდრე ნორმა” – განაცხადა სმიტმა.


მცხოვრებლებს უტარდებათ ტროპიკული ციების საწინააღმდეგო ვაქცინაცია კინშასაში (კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკა) 2016 წლის ივლისში (AP ფოტო/ჯერომ დილეი, ფილე)

იმავე წელს უფრო ადრე მარგარეტ ჩანს და სხვა ტოპ ლიდერებს გაეგზავნათ მემორანდუმი, რომლის საგანშიც ბეჭდური ასოებით ეწერა „ქმედებები სამივლინებო ხარჯების შესაზღუდად”. მემორანდუმში აღნიშნული იყო, რომ “ძალიან დაბალი” იყო იმ წესების შესრულების მაჩვენებელი, რომლებიც ითვალისწინებდა მივლინებებთან დაკავშირებული მგზავრობისა და საცხოვრებლის წინასწარ დაჯავშნას. დოკუმენტში ასევე აღნიშნული იყო, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე ზეწოლას ახდენდნენ მისი წევრი ქვეყნები ფულის დაზოგვის მიზნით.

მივლინება ყოველთვის საჭირო იქნება, აღნიშნული იყო მემორანდუმში, „მაგრამ როგორც ორგანიზაციამ, ჩვენ უნდა მოვახდინოთ იმის დემონსტრირება, რომ სერიოზულად ვართ განწყობილი ამის სათანადოდ მართვის მიმართ”.

AP-სთვის გაკეთებულ განცხადებაში, გაეროს ჯანდაცვის სააგენტომ აღნიშნა, რომ “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობის ხასიათი ხშირად ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომელთა მივლინებებს” და ხარჯები 14%-ით შემცირდა შარშან, წინა წელთან შედარებით – თუმცა, იმ წლის ჯამური ხარჯები განსაკუთრებულად მაღალი იყო 2014 წელს დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემიის გამო.

მაგრამ აპარატის თანამშრომლები მაინც ღიად უგულებელყოფენ წესებს.

AP-ის მიერ მოპოვებული, მარტში ჩატარებული შიდა ანალიზით დადგინდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჟენევის ოფისის შვიდი დეპარტამენტიდან მხოლოდ ორი დეპარტამენტი აკმაყოფილებდა მათი ბიუჯეტის სამიზნე მაჩვენებლებს და დაასკვნა, რომ მივლინებებთან დაკავშირებული მგზავრობისა და საცხოვრებლის წინასწარ დაჯავშნის წესის შესრულების მაჩვენებელი 28%-59% შორის მერყეობდა.

2013 წლიდან მოყოლებული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 803 მილიონი აშშ დოლარი აქვს გადახდილი მივლინებებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაახლოებით 2 მლრდ. აშშ დოლარის წლიური ბიუჯეტი შედგება გადასახადების გადამხდელთა მიერ გადახდილი თანხებისგან მის 194 წევრ ქვეყანაში. აქედან ყველაზე მსხვილ გადამხდელს აშშ წარმოადგენს.

აშშ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ტვიტერში დაწერა: “გაეროს იმხელა პოტენციალი აქვს”, მაგრამ გადაიქცა “კლუბად, სადაც ხალხი ერთმანეთს ხვდება, საუბრობს და კარგ დროს ატარებს. რა დასანანია!”

ჯანდაცვის ზოგიერთმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამივლინებო ხარჯები საკმაოდ შეუსაბამოდ გამოიყურება ზოგიერთი დაავადების ბიუჯეტთან შედარებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააგენტოს სამივლინებო ხარჯები გაბერილია.

მინესოტას უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა ექსპერტი მაიკლ ოსტერჰოლმი ხშირად დაფრინავდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეხვედრებზე ეკონომ კლასის ბილეთით სააგენტოს ხარჯით.

“ეს შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, თუ რამდენად არასწორადაა ჩამოყალიბებული საერთაშორისო პრიორიტეტები, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასე მცირე დახმარებას იღებს ამ დაავადებების პროგრამებისთვის” – აღნიშნა ბ-მა ოსტერჰოლმმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მისი სამივლინებო ხარჯების დაახლოებით 60 % დაიხარჯა გარე ექსპერტების გაგზავნაზე სხვადასხვა ქვეყანაში და წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლების გაგზავნაზე შეხვედრებზე დასასწრებად.


სამედიცინო მუშაკი ასხურებს მონროვაში (ლიბერია) აილენდ კლინიკის ებოლას სამკურნალო ცენტრიდან გაწერილ ადამიანებს 2014 წლის სექტემბერში (AP ფოტო/ჯერომ დილეი, ფილე).

დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემიის დროს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამივლინებო ხარჯებმა 234 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მართალია, ექსპერტები აცხადებენ, რომ ადგილზე დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, ზოგიერთი სვამს კითხვას, შეეძლო თუ არა სააგენტოს თავისი ხარჯების შემცირება, რათა უფრო მეტი სახსრები გადამისამართებულიყო დასავლეთ აფრიკაზე. სამ ქვეყანას, რომელმაც ეპიდემიის ძირითადი სიმძიმე იწვნია, იმის საშუალებას კი არ ჰქონდა, რომ შეეძინა ელემენტარული საჭიროების ნივთები, როგორიცაა, დამცავი ფეხსაცმელი, ხელთათმანები და საპონი საფრთხოს ქვეშ მყოფი სამედიცინო მუშაკებისთვის ან ტომრები ათასობით გარდაცვლილთა ცხედრების ტრანსპორტირებისთვის.

დოქ. ბრიუს ეილუორდმა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიაზე საპასუხო ქმედებებს ხელმძღვანელობდა, დაახლოებით 400,000 აშშ დოლარი დახარჯა მივლინებებში ებოლას კრიზისის დროს. მის მიერ წარდგენილი შიდა გადაადგილების ანგარიშების თანახმად, ის ზოგჯერ ვერტმფრენით მიფრინავდა კლინიკებში, ნაცვლად იმისა, რომ ჯიპით ემგზავრა ტალახიან გზებზე.

მ. ჩანმა 370,000 აშშ დოლარზე მეტი დახარჯა მივლინებებში იმ წელს, რაც ასახულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხარჯების 25 გვერდიან კონფიდენციალურ ანალიზში, რომელიც ავლენდა სააგენტოს ყველაზე მეტი თანხის 50 მხარჯველს. ამ სიაში პირველი და მეორე ადგილი ბ. ეილუორდსა და მ. ჩანს ეკავა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არ დააკმაყოფილა მ. ჩანთან ინტერვიუს მოთხოვნები; ბ. ეილუორდს არ მოუხდენია მყისიერი რეაგირება კომენტარის გაკეთების მოთხოვნაზე.

მარგარეტ ჩანი (ცენტრში) სტუმრობს საერთაშორისო ბაზარს რუნგისში, პარიზის ფარგლებს გარეთ, მსოფლიო ჯანდაცვის დღის აღსანიშნავად 2015 წლის აპრილში (AP ფოტო/მიშელ ეულერი, ფილე).

სამმა წყარომ, რომელმაც ვინაობის დასახელება არ მოისურვა სამსახურის დაკარგვის შიშით, AP-ს აცნობა, რომ მ. ჩანი ხშირად დაფრინავდა პირველი კლასის რეისით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ორგანიზაციის სამივლინებო პოლიტიკა, თებერვლამდე “ითვალისწინებდა (გენერალური დირექტორის მიერ) პირველი კლასით ფრენის შესაძლებლობას”. ასევე აღნიშნეს, რომ მ. ჩანი ბიზნეს კლასით დაფრინავდა და ითხოვდა პოლიტიკის შეცვლას პირველი კლასის ოფციის გასაუქმებლად.    

“უზარმაზარი უთანასწორობა არსებობს ხელმძღვანელ პირებსა, რომლებიც ვერტმფრენებითა და ბიზნეს კლასით სარგებლობენ და ყველა დანარჩენ ადამიანს შორის, რომელსაც თავის გატანა უწევს”, განაცხადა დედოფალ მერის სახ. ლონდონის უნივერსიტეტის ექსპერტმა გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში, სოფი ჰარმანმა.

სხვა საერთაშორისო დახმარების სააგენტოები, მათ შორის „ექიმები საზღვრების გარეშე“ ცალსახად უკრძალავენ თავიანთ პერსონალს ბიზნეს კლასით მგზავრობას. საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტიც კი ეკონომ კლასით უნდან მგზავრობდეს, აღნიშნა სპიკერმა. „ექიმები საზღვრების გარეშე“, რომელსაც 37,000 სოციალური მუშაკი ჰყავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 7,000 თანამშრომელთან შედარებით, წელიწადში დაახლოებით 43 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავს მივლინებებზე.

აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა არ წარმოადგინეს თავიანთი სამივლინებო ხარჯები, თუმცა აღნიშნეს, რომ აპარატის წევრებს ეკრძალებათ ბიზნეს კლასით ფრენა, თუ მათ არ აქვთ სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც ამას საჭიროებს. გაეროს ბავშვთა დახმარების სააგენტო UNICEF-ში, რომელსაც დაახლოებით 13,000 თანამშრომელი ჰყავს, განაცხადეს, რომ სააგენტომ 140 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა საერთაშორისო მივლინებებზე 2016 წ.

,,როდესაც იმ ფულს ხარჯავ, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მივლინებებზე ხარჯავს, უნდა შეგეძლოს ამის დასაბუთება”, აღნიშნა ჰარვარდის უნივერსიტეტის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის დირექტორმა – დოქ. აშიშ ჯჰამ. “მე თავში არ მომდის, თუ როგორ უნდა დაასაბუთო პირველი კლასით ფრენა”.

9 წლის მერსი კენედი ტირის თავისი სახლის ეზოში მონროვიაში (ლიბერია), 2014 წლის ოქტომბერში მას შემდეგ, რად დედამისი სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა ებოლათი დაავადებულთა პალატაში (AP ფოტო/ჯერომ დილეი, ფილე)

აშიშ ჯჰამ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამივლინებო ხარჯებმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ფინანსების მოზიდვაზე. რამდენიმე კვირის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა სომალიში მიმდინარე გვალვისგან ადამიანების გადასარჩენად. აპრილში, მან 126 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა იემენში ჰუმანიტარული კატასტროფის შესაჩერებლად.

“თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იქნება შეძლებისდაგვარად ეკონომიური, რთული იქნება, ის დარჩეს სანდო ორგანიზაციად დაფინანსების მოზიდვის შემდეგი მოთხოვნისას” – აღნიშნა ა. ჯჰამ.

AP News

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …