Amber Group-ი 12 სასტუმროს გახსნის და $130 მლნ-ს ჩადებს

თბილისი (BPI) – Georgia Capital-ი ტურიზმის სექტორის მიმართულების გაფართოებას გეგმავს. კომპანია ბაზარზე ახალი ქართული ბრენდით Amber Group-ი იქნება წარმოდგენილი და მის გეგმებშია მაღალშემოსავლიანი ტურისტების მოზიდვა.

3-4 წლის განმავლობაში 12 სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი 1200 სასტუმრო ნომრით, ინვესტიციის მოცულობა კი 130 მლნ დოლარს მიაღწევს. სასტუმროებიდან ერთ-ერთი Ramada Amkor-ი უკვე გახსნილია.

როგორც Georgia Real Estate Holding-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე აცხადებს, Amber ჯგუფი არის ბრენდი, რომელიც ფოკუსირებული იქნება ქართული კულინარიის, მეღვინეობის ქართული ტრადიციის პოპულარიზაციაზე საერთაშორისო მასშტაბით და მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვაზე ქვეყანაში.

„ჩვენს ჯგუფს სტრატეგიაში აქვს საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების გახსნაც. ერთ-ერთი მათგანი არის Kempinski. ბაზრის მოთხოვნა გვაქვს შესწავლილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი მოცულობის ინვესტიციის განხორციელება დაგეგმილი არ გვექნებოდა. ჩვენ ქვეყანაში ტურისტული ნაკადები მოდიან ამერიკიდან, ევროპიდან, ვისაც აინტერესებს ქართული ღვინო და ქართული კულინარია“, – ამბობს ბურდილაძე და აღნიშნავს, რომ ეს ხელს შეუწყობს სხვა ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვას და არ ქვეყანა დამოკიდებული რომელიმე ერთი ქვეყნიდან ტურისტების შემოსვლაზე.

ბურდილაძე იმედოვნებს, რომ საქართველოში ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზრდება და 5 წლის განმავლობაში 10 მლნ-ს მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ Georgia Capital-მა დააფუძნა საქართველოს უძრავი ქონება Georgia Real Estate-ი, რომელიც აერთიანებს როგორც m²-ის ჯგუფს და სამშენებლო კომპანია BK Construction-ს. Georgia Real Estate-ში შედის ტურიზმისა და სასტუმროების, ასევე კომერციული ქონებების განვითარების მიმართულებას.

მთლიანობაში Georgia Capital-ი 540 მლნ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ეს თანხა ჩაიდება, როგორც უძრავი ქონების, კომერციული ფართებისა და ტურისტული  ინფრასტრუქტურის განვიტარების მიმართულებით.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …