“აჯიკა” გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს იძენს

„აჯიკისთვის“ გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ ამ პროდუქტის განსაკუთრებულობა, უნიკალურობა და მაღალი ხარისხი აღიარებული და დადასტურებული იქნება სახელმწიფოს მიერ. პროცედურის თანახმად, ოფიციალური ინფორმაცია, რეგისტრაციისთვის წარმოდგენილ განაცხადის მასალებთან ერთად, გამოქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში მიმდინარე წლის 10 ივნისს. თუ გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში საქპატენტში არ შემოვა დამატებითი ინფორმაცია, „აჯიკა“ როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა დაემატება გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, საქპატენტში წარმოდგენილ სარეგისტრაციო მასალებში აღნიშნულია, რომ „აჯიკა“ აფხაზური  წარმომავლობისაა, რაც მისი თავდაპირველი დასახელებითაც „აპირპილ-ჯიკა“ (აფხაზურად – წიწაკიანი მარილი) დასტურდება. კლასიკური აფხაზური „აპირპილ-ჯიკის“ მოსამზადებლად სულ რამდენიმე ინგრედიენტი გამოიყენებოდა. ეს იყო: წითელი ცხარე წიწაკა, მარილი, ნიორი და ხმელი ქინძი. ამჟამად, „აჯიკის“ დამზადებისას ტრადიციულ ინგრედიენტებად მიიჩნევა, ასევე, ნიგოზი და გემოვნებით დამატებული სხვადასხვა სანელებლები და მწვანილები. სპეციფიკაციებში ხაზგასმულია, რომ აჯიკის მდიდარი და უნიკალური არომატი უკავშირდება მისი ინგრედიენტების, კერძოდ, საქართველოში მოყვანილი მწვანილებისა და მათგან დამზადებული სუნელების გამორჩეულ გემურ მახასიათებლებსა და სურნელოვნებას, ასევე, მათი დამუშავების შედეგად მიღებულ ეთერზეთების ინტენსივობას. საგანაცხადო მასალაში პროდუქტის აღწერისა და გეოგრაფიულ არეალთან კავშირის გარდა, მოცემულია მომზადების მეთოდი და ეტაპები, წარმოების გეოგრაფიული არეალი, წარმოშობის დადასტურება და ეტიკეტირება, მათ შორის აფხაზურად: „Аџьыка“ და „Ихьчоу Агеографиатә Дырга“. ამ პროდუქტის „აჯიკის“ სახელწოდებით შემდგომი გავრცელების არეალი სამეგრელო, უფრო მოგვიანებით კი დასავლეთი საქართველო და მთლიანად საქართველოც გახდა. დღეს ეს პროდუქტი ყველა ქართულ სურფაზე გვხვდება.

გეოგრაფიული აღნიშვნები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნების რეგიონულ განვითარებაში, რაც განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების ზრდას, არა მხოლოდ ამცირებს სამუშაო ძალის გადინებას, არამედ,  სტიმულს აძლევს ახალი სამუშაო ძალის მოზიდვას, ასევე, ზრდის რეგიონის ცნობადობას და ხელს უწყობს აგრარული ტურიზმის განვითარებას.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …