Air Astana: ქვეყანაში შემოსვლის პროცედურების გამარტივება ტურიზმის განვითარებისა და ინვესტირებისთვის აუცილებელია

თბილისი (BPI) – ქვეყნებს შორის თავისუფალი მიმოსვლა ეკონომიკური თუ სავაჭრო ურთიერთობების გამყარების საფუძველია. პანდემიით გამოწვეულმა საავიაციო შეზღუდვებმა თუ ქვეყნებს შორის საზღვრების ჩაკეტვამ ამ ურთიერთობების გაფართოებას ხელი, ნამდვილად, შეუშალა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის პანდემიის პირობებში გვიწევს ცხოვრება და ეკონომიკის აღდგენა მაინც ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობაზეა დამოკიდებული, ბევრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ქვეყნების მთავრობებს საზღვრების გახსნისა და ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს.

საქართველოს მთავრობამ 10-თვიანი შეზღუდვის შემდეგ, 1 თებერვლიდან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, ამ ფონზე გამარტივდა თვითიზოლაციის პირობები, თუმცა მხოლოდ გარკვეული ქვეყნებისთვის. შესაბამისად, შემაფერხებელ ფაქტორებს შორის ერთ-ერთი ქვეყანაში შემოსვლის უფლების მოპოვების რთული პროცედურაა, რაც გასულ კვირაში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მხოლოდ გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის გამარტივდა. მათ რიცხვში არ მოხვდა ყაზახეთი და მოუხერხებელი პროცედურებიდან გამომდინარე, საქმიანი ვიზიტორები თავს იკავებენ ყაზახეთიდან მგზავრობაზე, რაც თავისთავად, აფერხებს გადაწყვეტილებების პროცესს. შესაბამისად, მთავრობის მხრიდან აუცილებელია შემუშავებულ იქნას ქვეყანაში შემოსვლის ისეთი წესები, რაც ერთის მხრივ ბიზნეს ვიზიტორებისთვისაც მისაღები იქნება, ხოლო ამავდროულად საფრთხეს არ შეუქმნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას.

ცნობისათვის, თვითიზოლაციის ვალდებულება გაუქმდა არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, რომლებიც არიან ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და ბაჰრეინის მოქალაქეები ან რეზიდენტები და ისინი საქართველოში საჰაერო გზით შემოვლენ. მოგვიანებით ამ ქვეყნებს დაემატა თურქეთიც. სხვა ქვეყნებისთვის ჯერ კიდევ შეზღუდვების არსებობის გამო, ბევრი ავიაკომპანია ჯერჯერობით რეგულარული ფრენების აღდგენისგან თავს იკავებს. ექსპერტთა გათვლებით, ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის, ასევე საქმიანი ურთიერთობებისა და ინვესტირების განახლების აღდგენისთვის.

„ბიზნესპარტნიორი“ ყაზახური ავიაკომპანია Air Astana-ს წარმომადგენელს დაუკავშირდა. როგორც კომპანიის კავკასიის რეგიონალური მენეჯერი კამილა ჟაილაუბაევა განმარტავს, კომპანიას გაზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ფრენების განახლების სურვილი აქვს, თუმცა მგზავრებისთვის უნდა მოითხოვებოდეს არა ვაქცინაციის აუცილებელობა, არამედ PCR ტესტი.

„ვფიქრობდით, რომ 1-ელი თებერვლიდან, მას შემდეგ რაც საქართველოს ცა გაიხსნებოდა, საქართველო-ყაზახეთს შორის საავიაციო მიმოსვლა აღდგებოდა. ახალი დადგენილების მიხედვით, საქართველოში შესვლისთვის, ყაზახეთის მოქალაქეებისთვის მოითხოვება ვაქცინაცია. ყაზახეთში პირველ ეტაპზე ვაქცინაციას ექვემდებარებიან მედიკოსები, პედაგოგები, სახელმწიფო მომსახურების სფეროს წარმომადგენლები. ყველა სხვა კატეგორიის მოქალაქისთვის ვაქცინაცია ნებაყოფლობითია”, – განმარტავს რეგიონალური მენეჯერი.

მნიშვნელოვანია, რომ დღეს სქართველოში ყაზახური კაპიტალით უკვე წარმოდგენილია ბანკი, პორტი, ნავთობკომპანია და ავიახაზები, რომლებსაც წლების განმავლობაში შემოყვა ბევრი კერძო სუბიექტი, რომლებმაც ფული ძირითადად უძრავ ქონებაში ან სხვა საშუალო ბიზნესში დააბანდეს, დაასაქმეს ბევრი ადამიანი და სურთ აღნიშნული საქმიანობების განვითარება. ხოლო ყველა ერთობლიობაში წარმოადგენს იმ რესურსს, რომელიც სახელმწიფოს ხელშეწყობის შემთხვევაში, შეუძლია კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, ამასთან, თავად იქცეს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის არხად, რადგან არსებობს პოტენციალი და რესურსი, რომელიც ჯერ კიდევ გამოუყენებელია.

რაც შეეხება იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტურიზმის აღდგენისთვის ფრენების განახლება, კამილა ჟაილაუბაევა განმარტავს, რომ ყაზახებს საქართველო ძალიან უყვართ და მას შემდეგ რაც, 2011 წლიდან საქართველოს ბაზარზე Air Astana არის წარმოდგენილი მგზავრთნაკადის მოცულობა ცოტა არ არის. ამავდროულად მაღალი მოთხოვნაა ტრანზიტულ გადაყვანაზე, მათ შორისაა უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან და კორეიდან მგზავრები.

კამილა ჟაილაუბაევა აღიარებს, რომ საქართველოს მხრიდან თვითიზოლაციის პირობების შემსუბუქება მნიშვნელოვანია.

„კარანტინის გაუქმება ხელს უწყობს საქართველოში შემოსვლის წესების გამარტივებას. ამ ეტაპზე ჩვენ უსაფრთხო მოგზაურობის მომხრე ვართ. Air Astana-ს მგზავრები ყველა მიმართულებაზე ვალდებულნი არიან წარადგინონ PCR ტესტი, ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენს ყველა რეისზე დაცულია სანიტარული და უსაფრთხოების ნორმები. ჩვენს ყველა ბორტზე ჰაერის განაწილების სისტემა აღჭურვილია მაღალეფექტური ფილტრებით (HEPA), რაც ფრენის დროს ბორტზე ბაქტერიების, მათ შორის Covid-19 ვირუსის, გავრცელების თავიდან აცილების შესაძლებლობა იძლევა”, – განმარტავს კამილა ჟაილაუბაევა.

რაც შეეხება ფრენების აღდგენას, კომპანიაში განმარტავენ, რომ ქართულ მხარეს ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისში მიმართეს, თუმცა მაშინ ყაზახეთში პანდემიის პიკი იყო. „ამ დროისთვის ყაზახეთში ეპიდსიტუაცია გაცილებით უფრო სტაბილურია, Air Astana-მ ფრენები განაახლა ფრანკფურტის, მოსკოვის, კიევის, სტამბოლის, ანტალიის, ტაშკენტის, ბიშკეკის, სეულის, დუბაის, მალდივების, ეგვიპტის, შრი-ლანკის მიმართულებებზე. გვსურს ფრენების გაზაფხულის სანავიგაციო სეზონზე აღდგენა, თუმცა მგზავრებისთვის შემოსვლა-გასვლის შემთხვევაში, უნდა მოითხოვებოდეს PCR ტესტის წარდგენა და არა ვაქცინაციის ვალდებულება, რაც მომავალში ტურისტული პოტენციალის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. ამავდროულად ფრენების აღდგენამდე ჩვენ დაგვჭირდება დრო ავიაბილეთების გაყიდვისთვის“, – განმარტავს რეგიონალური მენეჯერი.

შეგახსენებთ, რომ პანდემიამდე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე Air Astana ალმაატადან და ნურსულთანიდან კვირაში 5 რეისს ახორციელებდა, თუმცა ზაფხულში, სეზონის პიკზე ორივე ქალაქიდან ფრენებს ყოველ დღე ასრულებდა.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად, კონტაქტების გაფართოებისა და ახალი ინვესტიციების მოზიდვისთვის.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …