AGG-ი კავკასიის რეგიონში Xiamen Tsingpu International Travel Agency-ს წარმომადგენელი გახდა

თბილისი (BPI) – ქართული საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ი კავკასიის რეგიონში ჩინური კომპანია Xiamen Tsingpu International Travel Agency-ს წარმომადგენელი გახდა. როგორც AviaNews-თან საუბრისას Aero Georgia Group-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი იგორ აფციაური განმარტავს, რამდენიმე თვიანი კონსულტაციების შემდეგ შეთანხება მიღწეულია და ამიერიდან Aero Georgia Group-ი ჩინეთის უმსხვილესი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი გახდა, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში.

“ვინაიდან ჩინური ტურისტული კომპანია ჩინეთის სამხრეთ ნაწილშია კონცენტრირებული და ოფისები აქვს როგორც პეკინში, ასევე სიამენში და რადგან საქართველოსა და ამ ქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არსებობს Xiamen Tsingpu International Travel Agency-ი უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს 2 ჩინურ ავიაკომპანიასთან, რათა პეკინიდან და სიამენიდან საქართველოს მიმართულებით ჩარტერული ავიარეისები დაინიშნოს”, – აცხადებს იგორ აფციაური.

ავიარეისების დანიშვნა 2020 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის იგეგმება.

“როგორც ვიცი, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივება იგეგმება, საუბარია ტურისტულ, მოკლევადიან ვიზებზე. რეგიონში აზერბაიჯანმა და სომხეთმა ჩინეთთან სავიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ გაამარტივეს და ახლა საქართველოს ჯერია. ჩინეთი დიდი ბაზარია და მათი მხრიდან ინტერესი დიდია, როგორც საქართველოს ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებებზე. ასეთი ინტერესის ფონზე, კი ჩვენ მათ შევთავაზებთ როგორც საქართველოს ასევე კომბინირებულ (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) ტურებს. ჩინელი ტურისტი მსოფლიოში საკმაოდ მაღალმხარჯველიან ტურისტად მიიჩნევა და მსგავსი ტიპის ტურისტების შემოყვანა ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია”, აცხადებს Aero Georgia Group-ის ოპერაციული მართვის დირექტორი სოფიო ჩაკვეტაძე.

როგორც Aero Georgia Group-ში განმარტავენ, გეგმაშია, რომ შეთავაზებაში იყოს ისეთი კომბინირებული ტურებიც, რომელიც როგორც საქართველოში, ასევე ევროპულ ქვეყნებში მოგზაურობას ითვალისწინებს, მით უფრო, რომ დღეს საქართველოდან ევროპის მიმართულებით გადაადგილება საკმაოდ მარტივია.

გარდა ჩინელი ტურისტების შემოყვანისა, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, შეთავაზება გაუკეთდება პოტენციურ ქართველ ტურისტებსაც, იმის გათვალისწიებით, რომ Xiamen Tsingpu International Travel Agency-ი​ ჩინეთის სამხრეთით 5 ვარსკვლავიან კურორტებს ფლობს.

შეგახსენებთ, რომ Xiamen Tsingpu International Travel Agency მომხმარებელს სთავაზობს საერთაშორისო და შიდა ტურისტულ სერვისებს, მათ შორისაა სამოგზაურო სავიზო, სასტუმროსა და ბილეთების დაჯავშნის და სხვა მომსახურებებს.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …