ADB-მა საქართველოში ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სახლების პროექტების განსავითარებლად $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და შპს ოპტიმამ ხელი მოაწერეს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს საქართველოს დედაქალაქში ხელმისაწვდომი და მდგრადი საცხოვრებელი სახლების განვითარების მიზნით.

სესხი დააფინანსებს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობაზე გათვლილ 3700 ხელმისაწვდომი და ენერგოეფექტური სახლისგან შემდგარ ორ საცხოვრებელ კომპლექსს. ეს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად კერძო სექტორზე გაცემული ADB-ის პირველი სესხია.

„პროექტი მიზნად ინახავს თბილისში ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მოდერნიზებას პროექტირებაში ინკლუზიურობის, გენდერისა და უნივერსალური წვდომის სტანდარტების გათვალისწინებით,“ განაცხადა ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში შანტანუ ჩაკრაბორტიმ. „ეს განვითარების პროექტი  წარმოადგენს დემონტრირებას, თუ როგორაა შესაძლებელი საქართველოსა და მთელ რეგიონში ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სახლების მშენებლობა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის.“

„სახლები იქნება ხელმისაწვდომი, ენერგოეფექტური და კარგად აშენებული, რაც ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებს, ქალებსა და ბავშვებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფს,“ განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა. „ADB-ის სესხი ჩვენს მიერ საქართველოში ქალაქების მდგრადი განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილია.“

თბილისში სახლების 80%-ზე მეტი საბჭოთა კავშირის დროს ან მანამდეა აშენებული. ძველ საცხოვრებელ კორპუსებს აკლია სარეკრეაციო ადგილები, ავტოსადგომები და ლიფტები. ასევე საზოგადოებრივ ადგილებზე წვდომა მოხუცების, შშმ პირების, ქალებისა და ბავშვებისთვის არ არის მაღალი სტანდარტით წარმოდგენილი.

2019 წელს ქალაქის მთავრობამ წარმოადგინა გეგმა დედაქალაქში მდგრადი ურბანული განვითარების, სივრცული დაგეგმარებისა და ინკლუზიური ინფრასტრუქტურის ხელშესაწყობად. ასევე მთავრობამ ქალაქის ღია სივრცეებში გენდერზე ორიენტებული პროექტირების მიზნით, ურბანული განვითარებისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურებში გენდერული მრჩევლის როლი დანერგა.

“ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ეს აზიის განვითარების ბანკის პირველი ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სახლების პროექტია რეგიონში,“ განაცხადა m2-ის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა. „სესხი საშუალოვადიანი დაფინანსების საშუალებას იძლევა თბილისში ხელმისაწვდომი საცხოვრებელი პროექტების განსახორციელებლად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტირება მიმართული იქნება მაღალი სტანდარტის ენერგოეფექტურობისა და ფიზიკური წვდომის დანერგვისაკენ.“

ოპტიმა m2-ის ჯგუფის და Georgia Real Estate-ის (GRE), საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების კომპანიების შვილობილია. GRE სს Georgia Capital-ის სრულ მფლობელობაში მყოფი შვილობილია, ხოლო სს Georgia Capital-ის 100%-იანი წილის მფლობელია Georgia Capital PLC. Georgia Capital PLC ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49  აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …