ADB-იმ BOG-თან და G&T-თან პარტნიორობით ლარის ობლიგაციები დალისტა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის ჩართულობით და გალტ ენდ თაგარტთან პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა (ADB) – ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა.

საქართველოს ბანკი ობლიგაციების მასშტაბურ განთავსებაში ჩართული იყო როგორც ანგარიშსწორების ბანკი ასევე, იქნება ამ ობლიგაციებისთვის კალკულაციისა და საგადამხდელო აგენტი. ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსება კი გალტ ენდ თაგარტმა უზრუნველყო.

ADB-ის მიერ მსგავსი ორტრანშიანი ფასიანი ქაღალდების გამოცემა საქართველოს კაპიტალურ ბაზარზე 2015 წლის შემდეგ მესამედ განხორციელდა. ობლიგაციების გამოშვება ორ ტრანშად მოხდა. მათგან პირველის ვადიანობა 3 წელი, მეორე ტრანშის ვადიანობა კი 5 წელია. ობლიგაციის განაკვეთი ცვლადი, ის სებ-ის 3 თვიანი დეპოზიტის განაკვეთთან არის ინდექსირებული. ADB პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც ობლიგაციები საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებულ სისტემაში გამოუშვა და განათავსა საჯარო აუქციონის გზით. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის დეკემბერში დაინერგა და ცენტრალური ბანკის სახსრებით ურისკო, სწრაფი და უსაფრთხო ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა, რისთვისაც დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემას იყენებს. ADB-ის ფასიანი ქაღალდები ასევე განთავსებულია საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ფასიანი ქაღალდების მფლობელები ქართული ინსტიტუციური ინვესტორები გახდნენ.

„ADB ძალისხმევას არ იშურებს, რათა განვითარდეს ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ბაზრები. ამ ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ეროვნულ ვალუტაში გაიცემა თანხები არა მხოლოდ ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების განსახორციელებლად, არამედ ამით ხელს ვუწყობთ განვითარებას, რაც საქართველოს მოწინავე ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობით გამოიხატება“,- განაცხადა „ADB“-ის ხაზინის უფროსმა, პიერ ვან პეტეგემმა.

„მოხარული ვართ, რომ აზიის განვითარების ბანკმა ობლიგაციების მასშტაბური განთავსებისთვის პარტნიორად სწორედ საქართველოს ბანკი აირჩია. საქართველოს ბანკი შეასრულებს კალკულაციისა და საგადამხდელო აგენტის როლს და 60 მილიონიან ტრანზაქციაში წარმოადგენს ანგარიშსწორების ბანკს. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარებისკენ შესამჩნევ ნაბიჯებს დგამს და საქართველოს ბანკი ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

“მოხარული ვარ, აღვნიშნო გალტ ენდ თაგარტის როლი ამ მნიშვნელოვან გარიგებაში. ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ პარტნიორი მსგავსი ტრანზაციების განხორციელებაში არამხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, არამედ იმ მზარდი ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ მოიპოვონ კაპიტალის დამატებითი წყაროები. მსურს, მივულოცო მთელ გუნდს, რომელიც მუშაობდა ამ მნიშვნელოვან გარიგებაზე”, – განაცხადა გალტ ენდ თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …