თბილისი (BPI) – ნავთობისა და გაზის კორპორაცია 2020 წლის აპრილში კი €300 მლნ-ის ევროობლიგაციებს გამოუშვებს, რითაც არსებული 250 მლნ აშშ დოლარის ობლიგაციებს სრულად გამოისყიდის.
კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა წლის შეჯამებაზე J. P. Morgan-ის მიერ კორპორაციის საქმიანობის რეიტინგის “BB-“-მდე გაუმჯობესების მნიშვნელობაზე აღნიშნა.
გიორგი ბახტაძემ „გარდაბნის თბოსადგური 2“-ის მშენებლობაზეც ისაუბრა. კომბინირებული ციკლის, თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მქონე სადგური, სრულად 2020 წლის დასაწყისში შევა ექსპლუატაციაში და საქართველოს ერთიან ელექტროსისტემას სტაბილურად მიაწვდის ელექტროენერგიას.
კორპორაციის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოს ტერიტორიაზე მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა/რეაბილიტაცია და ქვეყნის იმ რეგიონების გაზიფიკაცია, სადაც გაზის მიწოდება არასდროს ყოფილა, მაგალითად ერთ-ერთი ასეთი რეგიონია აჭარის მთიანეთი. გიორგი ბახტაძის ინფორმაციით, მხოლოდ 2019 წელს კორპორაციამ 97 კმ. სიგრძის გაზსადენის მშენებლობა დაასრულა.
2020 წელს დაგეგმილია „გარდაბანი3“-ის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტზე მუშაობის დაწყება. სადგურისთვის გამოყენებული იქნება ახალი მოდიფიკაციის ტურბინები, რომლებსაც ექნება აქამდე წარმოებულ ტურბინებზე უფრო მაღალი ეფექტურობა, შესაბამისად ბუნებრივი გაზის უფრო ნაკლები დანახარჯი ყოველ გენერირებულ კვ/სთ ელექტროენერგიაზე.
ასევე, 2020 წელს დაგეგმილია EPC (პროექტირება, შესყიდვები, მშენებლობა) კონტრაქტორის შერჩევა მიწისქვეშა გაზსაცავის მასშტაბური პროექტისათვის. ამ პროექტსაც ახორციელებს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. გაზსაცავის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2024 წელს.