თბილისი (BPI) – ,,საქპატენტმა“, შვიდი ქართული ადგილწარმოშობის დასახელება: „ვაზისუბანი“, „ნაფარეული“, „გურჯაანი“, „მანავი“, „თელიანი“, „ყვარელი“ და „კახეთი“ რუსეთის ფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ სამსახურში (როსპატენტი) დაარეგისტრირა.
უწყებამ ქართული დასახელებების სამართლებრივი დაცვის მინიჭების მოთხოვნით, როსპატენტს გასული წლის აგვისტოში მიმართა. აღნიშნულ დასახელებებზე განსაკუთრებული უფლება, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „ღვინის ეროვნულ სააგენტოს“ მიენიჭა.
რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ 2016 წელს, ასევე განხორცილდა ქართული ღვინის ექვსი ადგილწარმოშობის დასახელების: „ხვანჭკარა“, „ტვიში“, „ახაშენი“, „წინანდალი“, „მუკუზანი“ და „ქინძმარაული“, რეგისტრაცია.
როგორც საქპატენტში აღნიშნავენ, აღნიშნული ღონისძიებების გატარება უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაში, ქართული ღვინისა და პროდუქტების ცნობილი ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეპუტაციის დაცვისა და უფლებების დარღვევის შემთხვევაში, დაცვის სამართლებრივი ბერკეტების მოპოვების მიზნით.