26-28 ოქტომბერს სემეკი განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციას უმასპინძლებს

26-28 ოქტომბერს სემეკი განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციას უმასპინძლებს, რომლის მიზანია განახლებადი ენერგიის სექტორისადმი ინვესტორების ინტერესის გაზრდა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პროექტი – ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA). კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი.
სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები სხვადასხვა ქვეყნებში განახლებადი ენერგიის პოლიტიკისა და განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კლიმატის შესახებ. კონფერენციის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ინვესტორებს წარუდგინონ განახლებადი ენერგიის პოტენციური საინვესტიციო პროექტები.
კონფერენციაზე განახლებადი ენერგიის სექტორის მიმართულებით მომუშავე და პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებს, ექსპერტებს, მარეგულირებლებსა და ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ იმსჯელონ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგიის მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციისთვის. ასევე, განხილული იქნება განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშემწყობი და წამახალისებელი მექანიზმები, როგორიცაა საინვესტიციო დახმარება, გადასახადისგან გათავისუფლება ან შემცირება, გადასახადის დაბრუნება, მწვანე სერტიფიკატი თუ პირდაპირი ფასის მხარდამჭერი სქემები, რომლებიც სპეციალურ მწვანე ტარიფსა და პრემიალურ ტარიფს მოიცავს, მიმართულია განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების სტიმულირებისა და ინვესტორების ინტერესის გაზრდისკენ.
კონფერენციის მესამე დღე მიეძღვნება სემეკის 25 წლის იუბილეს.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.res-investmentconference.com//en/home

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …