2025 წელს ელექტროენერგიის მიწოდებამ 15.4 ტვტ.სთ შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაში „ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში“ არის აღნიშნული. ირკვევა, რომ აღნიშნულ მაჩვენებლებში 13.8 ტვტ.სთ იყო ადგილობრივი გენერაცია (- 3.0% წ/წ), ხოლო იმპორტი 1.6 ტვტ.სთ (+26.9% წ/წ).
„ამასთან, 2025 წელს ოპერირება დაიწყო ექვსმა მზის და ორმა ჰიდრო ელექტროსადგურმა, ჯამური დადგმული სიმძლავრით 22.6 მგვტ. შედეგად, 2025 წლის ბოლოს ქვეყნის დადგმულმა სიმძლავრემ 4.7 გვტ შეადგინა“, – აღნიშნულია Galt & Taggart-ის პუბლიკაციაში.
2025 წელს ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 3.5%-ით გაიზარდა და 14.3 ტვტ.სთ შეადგინა. ამასთან, განსაკუთრებით მაღალი ტემპით (+9.2% წ/წ) გაიზარდა პირდაპირი მომხმარებლების ელექტოენერგიის მოხმარება.
2025 წელს ექსპორტის მოცულობა შემცირდა 0.5 ტვტ.სთ-მდე (-51.2% წ/წ), ხოლო საშუალო საექსპორტო ფასი კვტ.სთ-ზე 4.6 აშშ ცენტამდე (-2.0% წ/წ).
შედეგად ექსპორტიდან შემოსავლები განახევრდა 23.5 მლნ. აშშ დოლარამდე.
„2025 წელს ექსპორტის სეზონი, მაისში დაიწყო და ივლისში დამთავრდა. საქართველო წმინდა იმპორტიორი გახდა 24.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების წმინდა იმპორტით. ამასთან, რაოდენობრივად საქართველო წმინდა იმპორტიორი იყო 1.0 ტვტ.სთ.
2025 წელს საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი წლიურად 4.1%-ით გაიზარდა და 5.8 აშშ ცენტი შეადგინა. საბალანსო ელექტროენერგიის ფორმირებაში ყველაზე მაღალი წილი კვლავ PPA-იან სადგურებს უჭირავთ. დღით ადრე ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა მინიმალური იყო.
სემეკმა განაახლა რეგულირებული კომპანიების ტარიფები, დამტკიცდა ენერგო პროს და თელასის 5-წლიანი საინვესტიციო გეგმები და ახალი საცალო ტარიფის დამტკიცება გადაიდო 3 თვით, 2026 წლის 31 მარტამდე“, – განმარტებულია კვლევაში.
Business Political Insights BPI.GE