2023 და 2024 წლებში ადგილი ექნება ეკონომიკის უწყვეტ აღდგენას 5 -5.5%-იანი ზრდის მაჩვენებლით – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიშის – გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები ივნისის გამოშვება, რომელშიც წარმოდგენილია როგორც გლობალური და რეგიონალური, ისე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა ჯერჯერობით სიმტკიცეს ავლენს უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური შოკის მიმართ.

“ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის 5.5 პროცენტამდე გაიზარდა მარტში ნავარაუდევი 2.5 პროცენტიდან. ამ სიმტკიცეს განაპირობებს მომსახურების სექტორის, კერძოდ ტურიზმის გააქტიურება, სადაც მიმდინარე წელს, მაისის ჩათვლით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. პროგნოზების მიხედვით, 2023 და 2024 წლებში ადგილი ექნება ეკონომიკის უწყვეტ აღდგენას 5 -5.5 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებლით.

ინფლაციის წნეხი იზრდება. მიმდინარე წელს, მაისის ჩათვლით, ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა, რომლის ზრდის 74 პროცენტი გამოწვეულია სურსათზე და საწვავზე ფასების მატებით.

საბაზისო პროგნოზთან დაკავშირებული რისკები მაღალ დონეზე რჩება, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: (i) უკრაინაში ომის შემდგომი ესკალაცია ან გაჭიანურება და სანქციების ნებისმიერი მეორადი ეფექტი; (ii) ინფლაციის წნეხის ზრდა, რაც ხელს უშლის ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას და (iii) COVID-19 -ის პანდემია, განსაკუთრებით ახალი ვარიანტების და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის კონტექსტში”, განმარტებულია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების უახლესი ანგარიშის თანახმად, COVID-19-ის მიერ გამოწვეულ ზიანთან ერთად, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში კიდევ უფრო შეანელა გლობალური ეკონომიკის განვითარება, რომელიც შედის სუსტი ზრდისა  და მზარდი ინფლაციის გაჭიანურებულ ფაზაში. აღნიშნული ზრდის სტაგფლაციის რისკს სავარაუდო უარყოფითი შედეგებით როგორც საშუალო, ისე  დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის.

მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება 5.7 პროცენტიდან (2021)  2.9 პროცენტამდე (2022), რაც იანვარში პროგნოზირებულ 4.1 პროცენტთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია.  ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, ამ დონეზე დარჩება 2023 – 24 წლების განმავლობაში, რამდენადაც ომი უკრაინაში ახლო მომავალში შეაფერხებს საქმიანობას, ინვესტიციებსა და ვაჭრობას, შესუსტდება დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა, ხოლო ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ღონისძიებები  შეწყდება. შედეგად, პანდემიით და ომით გამოწვეული ზიანის გამო, განვითარებად ქვეყნებში, შემოსავალი მოსახლეობის ერთ სულზე წელს პანდემიამდელ დონესთან შედარებით თითქმის 5 პროცენტით ნაკლები იქნება.

„ომი უკრაინაში, „ლოკდაუნი“ ჩინეთში, მიწოდების ჯაჭვის წყვეტა და სტაგფლაციის რისკი აფერხებს ეკონომიკურ ზრდას. ბევრი ქვეყნისთვის რთული იქნება ეკონომიკური ვარდნის თავიდან აცილება“, აღნიშნა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა. მისივე თქმით: „ბაზრები მომავალზე არიან ორიენტირებულნი, ამდენად მნიშვნელოვანია წარმოების წახალისება და სავაჭრო შეზღუდვების თავიდან არიდება. საჭიროა  ფისკალური, მონეტარული, კლიმატისა და სავალო პოლიტიკის ცვლილება  კაპიტალის არარაციონალური გამოყენებისა და უთანასწორობის წინააღმდეგ საბრძოლველად.“

გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ივნისის ანგარიში გვთავაზობს მიმდინარე გლობალური ეკონომიკური პირობების პირველ სისტემურ შეფასებას 70-იანი წლების სტაგფლაციასთან შედარებით. კერძოდ, ანგარიში მიუთითებს, თუ როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია სტაგფლაციას  განვითარებად ქვეყნებზე. 70-იანი წლების სტაგფლაციის შემდგომ აღდგენას  საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა დასჭირდა წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფინანსური კრიზისების სერიაში ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში.

„განვითარებადმა ქვეყნებმა უნდა დააბალანსონ ფისკალური მდგრადობის უზრუნველყოფის საჭიროება დღევანდელი ურთიერთგადამფარავი კრიზისების უღარიბეს მოსახლეობაზე ზემოქმედების შერბილების საჭიროებით. მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მკაფიო კომუნიკაციას, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სანდო საფუძვლების გამოყენებითა და ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის დაცვით,  ინფლაციის მოლოდინის ეფექტური განსაზღვრა და პოლიტიკის გამკაცრების საჭიროების შემცირება შეუძლია ინფლაციასა და საქმიანობაზე სასურველი შედეგების მისაღწევად“ – განაცხადა მსოფლიო ბანკის პერსპექტივების ჯგუფის დირექტორმა აიჰან კოსემ.

არსებული მდგომარეობა მოგვაგონებს 70-იანი წლების სამ ძირითად ასპექტს, ესენია: მიწოდების მხარეს არსებული მუდმივი დარღვევები, რომლებიც ხელს უწყობენ ინფლაციას, რასაც წინ უსწრებდა განვითარებულ ქვეყნებში ადაპტაციური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გახანგრძლივებული პერიოდი; ზრდის შესუსტების პერსპექტივები; და მოწყვლადობა, რომლის წინაშეც განვითარებადი ბაზრები და ქვეყნები დგანან ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით, რაც საჭირო იქნება ინფლაციის შესაკავებლად.

თუმცა, მიმდინარე მდგომარეობა ასევე განსხვავდება 70-იანი წლების სიტუაციისგან ბევრი განზომილებით: დოლარი ძლიერია, რაც მკვეთრი კონტრასტია 70-იან წლებში მის სუსტ პოზიციასთან; სასაქონლო ფასების პროცენტული ზრდა ნაკლებია; და მთავარი საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური მდგომარეობის ამსახველი ანგარიშგებები (ბალანსი) ზოგადად ძლიერია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ 70-იანი წლებისგან განსხვავებით, ცენტრალურ ბანკებს მოწინავე  და განვითარებად ქვეყნებში აქვთ მკაფიო მანდატი ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და გასული სამი ათწლეულის განმავლობაში მათ დაიმსახურეს ნდობა ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევის თვალსაზრისით.

მომავალ წელს მოსალოდნელია გლობალური ინფლაციის ზომიერ მაჩვენებლამდე დაყვანა, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ის სავარაუდოდ მაინც სამიზნე დონეზე ზევით შენარჩუნდება. ანგარიში აღნიშნავს, რომ თუ ინფლაცია მაღალ დონეზე დარჩება, ადრინდელი სტაგფლაციის  გამეორება შეიძლება გადაიქცეს მწვავე გლობალურ ვარდნად და ფინანსურ კრიზისად ზოგიერთ ფორმირებად ბაზარსა და განვითარებად ქვეყანაში.

ანგარიში ასევე გვთავაზობს ანალიზს, თუ როგორ აფერხებენ ომით გამოწვეული შედეგები ენერგორესურსების ბაზრებზე გლობალური ზრდის პერსპექტივას. უკრაინაში მიმდინარე ომმა ენერგორესურსებთან დაკავშირებული საქონლის ფართო სპექტრისთვის  ფასების ზრდა განაპირობა. მაღალი ფასები ენერგორესურსებზე შეამცირებს რეალურ შემოსავალს, გაზრდის საწარმოო ხარჯებს, გაამკაცრებს ფინანსურ პირობებს და შეზღუდავს მაკროეკონომიკურ პოლიტიკას – განსაკუთრებით ენერგორესურსების იმპორტიორ ქვეყნებში.

მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის მკვეთრი ვარდნა 5.1 პროცენტიდან (2021) 2.6 პროცენტამდე (2022), რაც იანვარში გაკეთებულ პროგნოზზე 1.2 პროცენტით ნაკლებია. მოსალოდნელია ზრდის ზომიერი ნიშნულის – 2.2 პროცენტის მიღწევა 2023 წლისთვის, რაც ძირითადად ასახავს ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემდგომ მხარდაჭერას პანდემიის განმავლობაში.

მოსალოდნელია, რომ ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა 6.6 პროცენტიდან (2021) 3.4 პროცენტამდე (2022) შემცირდება, რაც 4.8 პროცენტიან (2011 – 2019) წლიურ საშუალო მაჩვენებელზე ნაკლებია. ომის უარყოფითი ზემოქმედება ენერგორესურსების მაღალი ფასის გამო გაანეიტრალებს საქონლის ექსპორტიორების მიერ მოკლევადიან პერიოდში მიღებულ ნებისმიერ სარგებელს. 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადაისინჯა  დაღმავალი მიმართულებით ფორმირებადი ბაზრებისა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების დაახლოებით 70 პროცენტისთვის, იმპორტიორი ქვეყნების უმეტესობისა და დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ოთხი მეხუთედის ჩათვლით.

ანგარიში ხაზს უსვამს გლობალური და ეროვნული გადამწყვეტი პოლიტიკის საჭიროებას გლობალური ეკონომიკისთვის უკრაინაში ომის ყველაზე უარესი შედეგების თავიდან ასაცილებლად. ეს მოიცავს გლობალურ ძალისხმევას ომის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის მიყენებული ზიანის შესაზღუდად, ნავთობისა და სურსათის გაზრდილი ფასებით მიყენებული დარტყმის შესარბილებლად, ვალის შემსუბუქების დასაჩქარებლად და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ვაქცინაციის გასაფართოებლად. აღნიშნული ასევე მოითხოვს ენერგიულ საპასუხო ღონისძიებებს ეროვნულ დონეზე გლობალური სასაქონლო ბაზრების ნორმალური ფუნქციონირების პარალელურად.

უფრო მეტიც,  პოლიტიკის შემმუშავებლებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი პოლიტიკის გატარებისგან, როგორიცაა ფასების კონტროლი, სუბსიდიები და ექსპორტის აკრძალვა, რასაც შეუძლია სასაქონლო ფასების ბოლოდროინდელი ზრდის გაუარესება. მაღალი ინფლაციის გამოწვევის, სუსტი ზრდის, გამკაცრებული ფინანსური პირობებისა და შეზღუდული ფისკალური სივრცის გათვალისწინებით, მთავრობებს დასჭირდებათ ხარჯვის პრიორიტეტების ხელახლა განსაზღვრა მოწყვლადი მოსახლეობისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

ჩამოტვირთეთ გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშის 2022 წლის ივნისის  გამოცემა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …