2022 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიში პროფიციტული გახდა და 400.2 მლნ აშშ დოლარს (1.1 მლრდ ლარი) გაუტოლდა. პროფიციტი პირველად 2018 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა (12.3 მლნ აშშ დოლარი). მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი. 2022 წლის მესამე კვარტალში, მიმდინარე ანგარიში მშპ-ს 5.9 პროცენტს გაუტოლდა.
საქონლით ვაჭრობა მიმდინარე ანგარიშის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 15.7 პროცენტით გაიზარდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.3 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 50.8 პროცენტით, ხოლო იმპორტი 36.3 პროცენტით გაიზარდა.
მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მსხვილი კომპონენტი მომსახურება იყო, რაც მოგზაურთა მომსახურების ექსპორტის ზრდას უკავშირდება. მისი აღდგენა გასული წლის მეორე კვარტალიდან დაიწყო და 2022 წლის მესამე კვარტალში 1.4 მლრდ აშშ დოლარს (3.9 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 22.3 პროცენტით აღემატება.
2022 წლის მესამე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -508.4 მლნ აშშ დოლარი (-1.4 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 46.7 პროცენტით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 40.0 პროცენტით გაიზარდა.
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 55.6 პროცენტით გაიზარდა და 2022 წლის მესამე კვარტალში 947.0 მლნ აშშ დოლარს (2.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 60.2 პროცენტით გაიზარდა 901.3 მლნ აშშ დოლარამდე (2.5 მლრდ ლარი).
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მესამე კვარტალში 687.2 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 10.1 პროცენტია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.