აჭარაში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა – 29%-ით, გასაყიდი ფასი კი 6%-ით გაიზრდება – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა აჭარის ტურიზმის, როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული უძრავი ქონებისა და მაკროეკონომიკური ინდიკატორების შესახებ, განახლებული კვლევა წარადგინა.

მაკროეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის მოლოდინი 10%-ზე მეტს შეადგენს.

ქვეყნის ეკონომიკასთან შედარებით, აჭარის ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად იზრდება და მისი ზრდის მოლოდინი დაახლოებით 18.5%-ს შეადგენს. ბუნებრივია, ტურიზმზე რეგიონის უფრო მაღალი დამოკიდებულების გამო, 2020 წელს ვარდნა მეტი იყო, თუმცა, აღდგენაც უფრო სწრაფი იქნება. თიბისი კაპიტალის შეფასებით, 2022 წელს აჭარის ეკონომიკის წილი საქართველოს ეკონომიკაში თითქმის 10%-ს შეადგენს. ასევე მზარდია აჭარის წილი საბანკო დაკრედიტებაში და ის თანხვედრაშია საქართველოს ეკონომიკაში აჭარის წილთან.

აჭარის ეკონომიკის ნახევარზე მეტი ტურიზმის სექტორთანაა დაკავშირებული. სასტუმროებისა და რესტორნების, სხვა ტურისტული მომსახურებისა და უძრავი ქონების ოპერაციების წილი აჭარის ეკონომიკის დაახლოებით 35%-ს შეადგენს.

“აჭარაში დასაქმებისა და ხელფასის მაჩვენებლები ეკონომიკურ აქტივობასთან თანხვედრაშია. 2022 წლის პირველ კვარტალში, აჭარის ბიზნესსექტორში დასაქმების მაჩვენებელი 12.3%-ით აღდგა. ამავე პერიოდში, საშუალო ხელფასის ზრდამ 20.8% შეადგინა, თავად საშუალო ხელფასმა კი – 1257 ლარი.

სხვადასხვა მიმართულებით გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური ინდიკატორების მიუხედავად, აჭარაში გამოწვევად რჩება ინფლაცია, რომლის მაჩვენებელი 2022 წლის მაისის მდგომარეობით 13.9%-ია. თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარის თანახმად, 2022 წლის ბოლოს, ლარის კურსი დოლართან მიმართებით – დაახლოებით 2.85, ევროსთან მიმართებით კი 3.1 იქნება.

სექტორული კვლევის თანახმად, აჭარაში ტურიზმი, გამოწვევების მიუხედავად, ძლიერ აღდგენას განაგრძობს. 2022 წლის მაისის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 319 796 საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა. მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა კი, 259 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 96%-იან აღდგენას ნიშნავს.

ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით, ბათუმში ტურიზმის აღდგენა კიდევ უფრო ძლიერია. 2022 წლის პირველ კვარტალში, ბათუმში 173 000 საერთაშორისო და 368 000 ადგილობრივი ვიზიტი  დაფიქსირდა. ბათუმის აეროპორტით ჩამოსულ საერთაშორისო ტურისტებში ყველაზე  დიდი წილი, წინა წლების მსგავსად, ისრაელის მოქალაქეებს უკავიათ.

2022 წლის მაისის მონაცემების თანამხად, სასტუმროებში 70%-იანი დატვირთულობა ფიქსირდება, სასტუმროების საშუალო დღიური ფასი კი 90$-ია. ზაფხულში სასტუმროების 85%-იანი დატვირთულობა და 320 000 ვიზიტორია მოსალოდნელი.

აჭარაში უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი თურქეთის მოქალაქეებზე მოდის. 2019 წელთან შედარებით, საუდის არაბეთიდან ვიზიტორების დანახარჯები – 15-ჯერ, ბელარუსიდან ვიზიტორების დანახარჯები კი 40-ჯერაა გაზრდილი. შეცვლილია დანახარჯების სტრუქტურა. 2022 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდი – 35%-იანი წილი კაფეებსა და რესტორნებზე მოდის”, განმარტავენ თიბისი კაპიტალში.

აღსანიშნავია, რომ აჭარაში აზარტული თამაშების მიმართულებით დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირებულია.

აჭარის კომერციული უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანამხად, ბათუმში ამჟამად 4 მთავარი სავაჭრო ცენტრი ფუნქციონირებს. 2024-2025 წლებისთვის მათი რაოდენობა 7-მდე, სავაჭრო ფართი კი 3-ჯერ გაიზრდება. ახალ მოლებში იჯარის უფრო მაღალი ფასის გამო, იჯარის საშუალო ფასის ზრდაა მოსალოდნელია.

ბათუმში ქუჩის სავაჭრო ფართების ბაზარზე იჯარის ფასმა პანდემიამდელ დონეს გადააჭარბა. საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობების პარალელურად, ქუჩის სავაჭრო ფართების მიწოდება სტაბილურად იზრდება. იჯარის ფასი სრულად აღდგა პანდემიის შემდეგ. 2022 წლის II კვარტალში დადებულ კონტრაქტებში, იჯარის ფასი წლიურად 12-17%-ითაა გაზრდილი. სავაჭრო ცენტრების მზარდ მიწოდებასთან ერთად, ქუჩის სავაჭრო ფართებზე იჯარის ზრდის შენელებაა მოსალოდნელი.

ოფისებისა და ბიზნესცენტრების სექტორი ბათუმში განვითარების საწყის ეტაპზეა. ბათუმში ამჟამად მხოლოდ 1 ბიზნესცენტრი ფუნქციონირებს. 2022 წელს საოფისე ფართებზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც იჯარის ფასზეც აისახა. მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მომავალში საერთო სამუშაო სივრცეებისა და ბიზნესცენტრების რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი.

აჭარის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანახმად, უცხოელების მხრიდან მოთხოვნა აჭარაში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე კვლავ დიდია. 2016-2021 წლებში საქართველოში საცხოვრებლად 70.5 ათასი უცხოელი მიგრანტი ჩამოვიდა. მათი უმეტესობა იყო რუსეთის (30%), ირანის (11%), აზერბაიჯანის (10%), თურქეთის (9%) და უკრაინის (6%) მოქალაქე. რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეების გარდა, ბოლო დროს მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დაინტერესება ისრაელის, პოლონეთისა და გალფის ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან.

აჭარაში, სხვა რეგიოებთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მხოლოდ მცირე წილი ფინანსდება იპოთეკური სესხებით. ამავდროულად, არარეზიდენტებზე გაცემული იპოთეკური სესხების წილი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა რეგიონებში. დეველოპერები აღნიშნავენ, რომ აჭარაში არარეზიდენტები საცხოვრებელ ქონებას ძირითადად ნაღდი ფულით ყიდულობენ. სამშენებლო მასალებზე გაზრდილი ფასები ნაწილობრივ უკვე აისახა აჭარის უძრავი ქონების გასაყიდ ფასებზე.

2020 წლიდან აჭარაში სამშენებლო ნებართვების გაცემა მკვეთრად შემცირდა, განსაკუთრებით I ზოლში და გარეუბნებში. 2021 წელს, ბათუმში 35 ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გაიცა. აღსანიშნავია, რომ ნებართვა არ გაცემულა I ზოლში მშენებლობისთვის. თიბისი კაპიტალის მოლოდინის შესაბამისად, სამომავლო მშენებლობები პერიფერიისა და გარეუბნებისკენ გადადის.

2022 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში, საცხოვრებელი უძრავი ქონების რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 42%-ით გაიზარდა. ტურისტული ნაკადების სწრაფი აღდგენისა და გაძლიერებული მიგრაციის გათვალისწინებით, ტრანზაქციების რაოდენობის შემდგომი ზრდაა მოსალოდნელი. ამავე მიზეზებით, გაქირავების ფასიც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2022 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა – 29%-ით, გასაყიდი ფასი კი 6%-ით გაიზრდება.

„რეგიონული განვითარება, სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე ბოლო 2 წლის ფონზე, თიბისისთის კიდევ უფრო პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა. ჩვენთვის ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხარდაჭერილი ბიზნესების რიცხვი თბილისს გარეთ ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო მეტი ბიზნესი გვიცხადებს ნდობას. ტურისტული სეზონი მოდის. შესაბამისად, ახლა ყველაზე აქტუალური აჭარის რეგიონია და მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორს ექსპერტული და სიღრმისეული ცოდნა გავუზიაროთ აჭარაში ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორების გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, ვინაიდან სწორედ ეს 2 მიმართულებაა აქაური ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი. აჭარაში ტურიზმისა და მასთან ერთად უძრავი ქონების სექტორის აღდგენა აშკარაა, რასაც თიბისი კაპიტალის კვლევაც ადასტურებს. მოხარულები ვართ, რომ რეგიონი ნელ-ნელა უბრუნდება პანდემიამდელ მდგომარეობას და აჭარა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტებისთვის ისევ მიმზიდველი სამოგზაურო მიმართულებაა,  ინვესტორებისთვის კი – საქმიანობის დაწყებისა თუ განვითარებისთვის ხელსაყრელი რეგიონი“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …