2022 წელს საქართველო მასშტაბურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობას უმასპინძლებს

თბილისი (BPI) – 2022 წელს მსოფლიოს ყველაზე მსხვილ და პრესტიჟულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მასპინძლის სტატუსით წარდგენა ქვეყანას პრივილეგიას ანიჭებს, რომ ქვეყნის ბრენდირება მთელი გამოფენის მასშტაბით მოახდინოს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

როგორც ქვრივიშვილი განმარტავს, გერმანიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობას ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან 200 000-ზე მეტი ვიზიტორი ესწრება და ის საქართველოს ერთ მილიარდზე მეტ ადამიანთან წვდომას მისცემს. გარდა ამისა, გამოფენის ორგანიზატორებისგან ქვეყანა 37 მილიონი ევროს ღირებულების პიარ და მარკეტინგულ მხარდაჭერას მიიღებს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი პრივილეგია მაინც საქართველოს მასშტაბური ბრენდირების შესაძლებლობაა.

მისივე თქმით, საქართველოს როგორც მასპინძლეს ქვეყანას აქვს პრივილეგია კილომეტრზეა გაშლილი გამოფენა დაბრენდოს.

“როგორ წარდგება ქვეყანა და პოზიციონირების რა გზას აირჩევს, ეს ის პროცესია, რომელშიც ჩვენთან ერთად აუცილებლად ჩაერთვება კერძო სექტორი. ეს ცალკე პროექტი და სამუშაოა. ამისთვის ორი წელი გვაქვს და მუშაობას, უკვე ვიწყებთ. ჩვენ საქართველოს ყველა კონკურენტუნარიანი პროდუქტის წამოწევას ვაპირებთ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც ცნობილია, საქართველომ გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის (ITB Berlin) ოფიციალური დასტური მიიღო, რომლის მიხედვითაც 2022 წელს საქართველო მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა წლიდან წლამდე მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. სამი დღის განმავლობაში გამოფენას 5 000-ზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …