2021 წელს ტელეკომ ოპერატორების შემოსავლები 114 მლნ ლარით გაიზარდა – ComCom

კომუნიკაციების კომისიის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ტელეკომ ოპერატორების მიერ მიღებული ჯამური შემოსავალი 1,267 მლნ ლარი იყო,  2020 წელს კი მათი ჯამური შემოსავლები 1,153 მლნ ლარს შეადგენდა.

2021 წელს საცალო მომსახურეობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1,058 მლნ ლარი შეადგინა. საცალო შემოსავლებში როგორც ფიქსირებული ინტერნეტი, ისე მობილური, როუმინგული, ფიქსირებული სატელეფონო და მაუწყებლობის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლები შედის.

მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 2021 წელს 555 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2020 წელს მიღებულ საცალო შემოსავალზე 65 მლნ ლარით მეტია. საცალო შემოსავლებიდან 47% „მაგთიკომმა“, 35% „სილქნეტმა“, ხოლო 18% „ვიონი საქართველომ“ მიიღო.

რაც შეეხება ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულ საცალო შემოსავალს, ეს მონაცემი 2021 წელს, წინა წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა და 294 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 47% „მაგთიკომმა“, 34% „სილქნეტმა“, 5% „სქაიტელმა“ და 4% „ახალლი ქსელების ჯგუფმა“ მიიღო. დანარჩენი 10% სხვა კომპანიებზე გადანაწილდა.

24%-ით გაიზარდა როუმინგული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი და 19.5 მლნ ლარი შეადგინა.

მაუწყებლობის ტრანზიტიდან მიღებულმა საცალო შემოსავლის წლიურმა ოდენობამ 129.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით – 8 მლნ ლარით მეტია.

2021 წელს წინა წლების მსგავსად კლება დაფიქსირდა ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებაში, კერძოდ, 2021 წელს კომპანიებმა 2.4 მლნ ლარით ნაკლები – 27.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …