2019 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები ცნობილია

თბილისი (BPI) – ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2019-ის“ გალა დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები ოთხ საკონკურსო კატეგორიაში. საუკეთესო სტუდენტად საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისის“ კულინარიის ხელოვნების სტუდენტი, ხატია ნადარეიშვილი დასახელდა., ხოლო წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის პედაგოგმა, არჩილ ცინცაძემ მოიპოვა. 2019 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების ნომინაციაში საზოგადოებრივმა კოლეჯმა „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიამ“ გაიმარჯვა. წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად კი ს.ს. „ენერგო-პრო“ დასახელდა.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ისრაელის ელჩი რან გიდორი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი და ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე.

საკონკურსო ნომინაციებში ჯილდოების გარდა, სპეციალური პრიზი დააწესა ისრაელის საელჩომ. ისრაელის ელჩის სპეციალური პრიზი გადაეცა ვალენტინა ზიბზიბაძეს, რომელიც კოლეჯ „ფაზისში“ დაეუფლა ელექტრიკოსის პროფესიას და მრავალ-შვილიანი ოჯახიდანაა. ასევე, ათასწლეულის ფონდმა მადლობის სიგელით დაჯილდოვდა საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“, გამორჩეული თანამშრომლობისთვის.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ მიერ სამი წლის წინ ინიცირებულმა კონკურსმა ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველწლიურად იზრდება მონაწილეთა რაოდენობა. პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ამ სფეროში კერძო-საჯარო პარტნიორობის გაძლიერება წარმოადგენს ფონდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რადგანაც სწორედ ამ დარგის განვითარება უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“, – აღნიშნა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.

„გვიხარია, რომ ათასწლეულის ფონდთან ჩვენი საქმიანობით და განათლების სექტორში ინვესტირებით, შევქმენით პარტნიორობის წარმატებული მოდელი, რომელიც საუკეთესო მაგალითია, როგორ შეიძლება ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს განათლების სექტორს და გახდეს პროფესიული განათლება კიდევ უფრო პოპულარული“, – განაცხადა ზურაბ კერვალიშვილმა, ჯილდოს გენერალური სპონსორის გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ხელს უწყობს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მდგრადობას. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზება, ქვეყანაში პროფესიული სასწავლებლების, მასწავლებლების, სტუდენტებისა და ბიზნეს პარტნიორების წარმატების ისტორიების წარმოჩენით.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …