თბილისი (BPI) – „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა, რაც 2015 წლის შემდეგ ჩატარებულ კვლევებს უკავშირდება.
ბოლო წლებში შესწავლა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ბუნებრივი კატასტროფებისა და კაშხლის უსაფრთხოების კუთხით ჩატარდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი ცვლილება ჰესის კაშხლის სიმაღლეს უკავშირდება. 135 მეტრის ნაცვლად, მისი სიმაღლე 125 მეტრი იქნება. შესაბამისად, 3 კვ.კმ-დან 2.7 კვ. კმ-მდე შემცირდა წყალსაცავის სარკის ზედაპირის ფართობი.
იცვლება კაშხლის ღერძიც – მარჯვენა ბურჯი გადაადგილება 100 მეტრით, ხოლო მარცხენა ბურჯი 50 მეტრით ზედა ბიეფის მიმართულებით. დოკუმენტის მიხედვით, კაშხლის ღერძის ახალი განლაგება პრაქტიკულად გამორიცხავს ბიოლოგიურ გარემოზე დამატებით უარყოფითი ზემოქმედების რისკებს.
იცვლება კაშხლის კონსტრუქციაც – წინა პროექტით გათვალისწინებული ქვანაყარი კაშხალის ასფალტის გული შეიცვალა ასფალტის ეკრანით.
პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „ნენსკრა ჰიდრომ“ პროექტში ჯამში 12 ცვლილება შეიტანა. კომპანიის ინფორმაციით, ცვლილებების მიზანი გარემოზე ზემოქმედების შემცირებაა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ბრძანებით, პროექტში შეტანილი ცვლილებები არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.
წყარო: პირველი არხი