წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა – რომელ კომპანიას ჰყავს ყველაზე მეტი აბონენტი?

სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასულ წელს წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა რაოდენობამ ჯამში 1 190 936 შეადგინა. ცხადია სულადობრივი მაჩვენებელი, გაცილებით მაღალია და ის 2 მილიონ მომხმარებელს აჭარბებს, უფრო კონკრეტულად, სულადობრივმა რაოდენობამ 2022 წელს ჯამში 2 511 260 შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ წყალმომარაგების სექტორში ჯამში 9 კომპანია ოპერირებს. მოცემული კომპანიებიდან ყველაზე მეტი მომხმარებელი შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” (GWP)-ს ჰყავს, კერძოდ, 608 185. სულადობრივ მაჩვენებელში მომხმარებელთა რაოდენობა კი 1 192 736-ს შეადგენს. შედეგად, სექტორში მთლიანი მომხმარებლების 47.5% სწორედ GWP-ზე მოდის. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანია კერძო საკუთრებაა.

რაც შეეხება სხვა კომპანიებს. მომხმარებელთა სიდიდით მეორე პოზიციაზეა შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია”, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა. ჯამში აღნიშნული კომპანია 374 097  მომხმარებელს აერთიანებს. კომპანიის მომხმარებლების რაოდენობა კი მთლიანად სექტორის მომხმარებლების 33.9%-ს შეადგენს.

სამეულშია ასევე შპს “ბათუმის წყალი”, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და ჯამში 119 397  მომხმარებელს აერთიანებს, მისი მომხმარებლების წილი მთლიან მომხმარებლებში კი 10.5%-ია. სხვა კომპანიების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ქვემოთ მოცემულ დანართზე:

 

რაც შეეხება ინფორმაციას მოხმარებული წყლის განაწილების შესახებ. სემეკის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს მთლიანად მოხმარებული წყლის ყველაზე მეტი 44% მოდის მრიცხველიან საყოფაცხოვრებო მოხმარებაზე, 39% უმრიცხველო საყოფაცხოვრებო მოხმარებაზე, ხოლო დანარჩენი 17% არასაყოფაცხოვრებო მოხმარებაზე. სემეკის თქმით, ქვეყნის მასშტაბით სასმელი წყლის მოხმარება (გამრიცხველიანებული სექტორი) საშუალოდ ერთ სულზე დღე-ღამის განმავლობაში შეადგენს 173 ლიტრს, ხოლო საშუალოდ ერთ აბონენტზე – 404 ლიტრს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ლიცენზიატებიდან 1 წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოს, 5 – მუნიციპალურს და 3 – კერძო საკუთრებაში არსებულს.  მოსახლეობის 68.1%-ის (2,511,260 ადამიანი) სასმელი წყლით წყალმომარაგებას უზრუნველყოფენ წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიები, ხოლო 31.9 %-ის (1,177,386 ადამიანი) წყალმომარაგებით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ვალდებულებას წარმოადგენს. ჯამში მომხმარებელთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 5.8%-ით, რაც შეადგენს 33,800 აბონენტს.

 

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …