წელს თხილის მოსავლის რაოდენობა და ხარისხიც გაუმჯობესდება

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუას თქმით, წელს თხილის მოსავლის რაოდენობა და ხარისხიც გაუმჯობესდება.

თხილის საპროგნოზო მოსავლიანობა 2023 წელს 50 000 ტონაა. შარშან ეს მაჩვენებელი 40 000 ტონას შეადგენდა.

რაც შეეხება მოსალოდნელ ფასს, თოდუა ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ თხილის როგორი მოსავალი იქნება თურქეთში. ასევე ვალუტის კურსს, რაც გლობალურ ბაზრებზე თხილის ფასს განსაზღვრავს.

„წელს თხილის მოსავალი აშკარად უკეთესი იქნება. ამ მხრივ დიდ გავლენას ახდენს დარგის სუბსიდირება. 20 მილიონი ლარი გამოიყო თხილის სექტორის მხარდასაჭერად, რაც ფერმერებს საგრძნობ შეღავათს გაუწევს. მოსახლეობამ ადრეულ პერიოდშივე დაიწყო თადარიგი და სეზონს უფრო მომზადებული დახვდა.

ახალი შესაწამლი აპარატები და პრეპარატები ყველა ფერმერისთვის ხელმისაწვდომია, უფასოდ დაურიგდათ. ბევრად უკეთეს მოსავალს ველოდებით რაოდენობის და ხარისხის მხრივ, რაც ფასზეც აისახება. თუმცა, გლობალურ ბაზრებზე ამ მხრივ გადამწყვეტი ფაქტორია მოსავლიანობა თურქეთში და ვალუტის კურსი.

შარშან ჩვენი თხილი დაბალი ხარისხის გამო ნაკლებად კონკურენტული იყო, მოსავალი 40 000 ტონას შეადგენდა, წარმატებული სეზონისთვის წელს ყველა პირობაა“, – ამბობს გიორგი თოდუა Business Insider Georgia- თან.

ამ ეტაპზე საშუალო ხარისხის თხილის ფასი რეგიონებში 4-5 ლარია, პრემიუმ ხარისხის თხილი 7-8 ლარის ღირს, მაგრამ ასეთი პროდუქტი ბაზარზე უკვე აღარ არის. როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, შარშანდელი მოსავლის 70-80% უხარისხო იყო, რის გამოც ფერმერების უმეტესობამ თხილი დაბალ ფასში გაყიდა.

„თურქულ თხილს ქართული ხარისხით საგრძნობლად ჩამორჩება, ამიტომ მთავარი საზრუნავი ხარისხი უნდა გახდეს, რაც გლობალურ ბაზრებზე პოზიციების განმტკიცებაში დაგვეხმარება“, – დასძენს გიორგი თოდუა.

საქართველოს წილი თხილის გლობალურ ბაზარზე 3%-ია.

ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: იტალია, გერმანია, ესპანეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, საფრანგეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ლატვია, ესტონეთი და ბელგია.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …