მსოფლიოში 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე, სხვადასხვა აქტივობებით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ამ თარიღს უკვე მეორე წელია აქტიური ღონისძიებებით უერთდება.

მიმდინარე წლის 16-17 ნოემბერს, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ ჩატარდა, რომელიც საერთაშორისო კონკურენციის კვირეულის თემატიკას მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობას 20 ქვეყნის დელეგაცია იღებდა. მათ შორის, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ტერესა მორეირა და სხვა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები. თემატური სესიების ფორმატში, მონაწილეებმა ერთმანეთს კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოსა და ევროპაში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე – „საერთაშორისო კონფერენციამ, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და შეფასებები მიიღო. ვფიქრობთ, რომ ეს პლატფორმა ეტაპობრივად განვითარდეს და მსოფლიო კონკურენციის კვირეულის ფარგლებში თბილისიც აქტიურ ლოკაციად იქნას მონიშნული. 2020 წლიდან დღემდე, კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი რეფორმები განხორციელდა. კერძოდ, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, საქართველოს აქვს DCFTA-ის მოთხოვნებთან შესაბამისი, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებული კანონმდებლობა. 2021 წლიდან სააგენტოს ეკისრება „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ კანონის“ აღსრულება. 2022 წლის 1 ივნისიდან კი ძალაში შევიდა მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი. სააგენტო აქტიურად ვითარდება და მთავარი მიზანი სამართლიანი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაა.

მინდა კონკურენციის საერთაშორისო დღე მივულოცო კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გუნდს, ქართულ საზოგადოებას, ვინც სხვადასხვა დროს აქტიურად იყო და დღესაც არის ჩართული კონკურენციის პოლიტიკის ეფექტური აღსრულების პროცესში.

მადლობა მინდა გადავუხადო ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და სამეცნიერო წრეების, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, მედიას და დონორ ორგანიზაციებს, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდს, კოლეგა მარეგულირებელ უწყებებს მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის. გილოცავთ კონკურენციის საერთაშორისო დღეს ყველას!”

2022 წელს, მსოფლიო კონკურენციის დღე სლოგანით: „კონკურენცია და კლიმატის ცვლილებები“ აღინიშნება.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …