რუსი მილიარდერების იხტები ერთმანეთის მიყოლებით იყიდება

რუსი მილიარდერის, იგორ კესაევის დაკვეთით აშენებული იახტა, MySky 29,5 მლნ ევროდ გაიყიდა. ინფორმაციას Reuters ფლორიდის საბროკერო კომპანია Merle Wood & Associates-ის სარეკლამო წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

MySky, ისევე, როგორც კიდევ ერთი იახტა, Sky კესაევის დაკვეთით ჰოლანდიურმა გემთმშენებელმა კომპანია Heesen Yachts-მა ააგო. Merle Wood & Associates-ის წერილში წერია, რომ MySky-ს ცნობილი ჰოლანდიელი არქიტექტორის მიერ შექმნილი „ულტრათანამედროვე დახვეწილი ინტერიერი, კლიმატის კონტროლირებადი შიდა სპორტული დარბაზი და ვერტმფრენის დასაფრენით მოწყობილი გემბანი აქვს. გემის სიგრძე 51,21 მეტრია. წერილში, ასევე, ნათქვამია, რომ იახტა ამჟამად მალდივებშია.

ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა იგორ კესაევს სანქციები მიმდინარე წლის აპრილში, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დაუწესა. ევროკავშირის მტკიცებით, კესაევი რუსეთში სამხედრო იარაღის წარმოებასა და თამბაქოს ნაწარმის გავრცელებაში მონაწილეობს. მას, ასევე, სანქციები რუსეთის ხელისუფლებასთან და უშიშროების სტრუქტურებთან კავშირის გამო დაუწესდა.

თუმცა შეერთებულ შტატებს კესაევი სასანქციე სიაში დღემდე არ შეუყვანია. ამდენად, ვალენსიის უნივერსიტეტის სანქციების ექსპერტმა, კლარა პორტელამ Reuters-ის განუმარტა, რომ ამერიკულ კომპანიებსა და მყიდველებს MySky-ის გარიგებაში მონაწილეობის უფლება აქვთ.

იგორ კესაევი ჯგუფ Mercury-ის ის პრეზიდენტია. კომპანიის შემადგენლობაში სიგარეტების უმსხვილესი სადისტრიბუციო ჯგუფი, Megapolis შედის. Forbes-2022-ის უმდიდრესი რუსი მილიარდერების რეიტინგში იგორ კესაევმა, 2,6 მლრდ დოლარის ქონებით, 35-ე ადგილი დაიკავა.

ახლახან კიდევ ერთი რუსი მილიარდერის, რუსეთის მილების მეტალურგიული კომპანიის (ТМК) ყოფილი თანამფლობელის, დიმიტრი პუმპიანსკის 72-მეტრიანი სუპერიახტა, Axioma გიბრალტარის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოართულ აუქციონზე 37,5 მლნ დოლარად გაიყიდა. 2021 წელს Forbes-მა დიმიტრი პუმპიანსკის ქონება 2,4 მლრდ დოლარად შეაფასა.

 

წყარო: bpn.ge

შემთხვევითი სიახლე

ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1459 შეადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების …