კობა გვენეტაძე და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს, პოლ ჰილბერსს შეხვდნენ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, პოლ ჰილბერსთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილეს.  კობა გვენეტაძემ და ლაშა ხუციშვილმა სტუმარს გააცნეს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხები.

 

კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე. ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საჯარო ფინანსების აღრიცხვიანობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის, ასევე, ფისკალური რისკების მართვის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, სებ-ის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, ფინანსურმა სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზა წარმატებით განვლო და რეგიონში შექმნილი ვითარებიდან მომდინარე პოტენციურ საფრთხეებს, კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით ხვდება.

 

საუბარი, ასევე, შეეხო სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ პროგრამას (Stand-By Arrangement) და იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელსაც აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს.  „საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. წლების განმავლობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით ეროვნულმა ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. პოლ ჰილბერსთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს საფინანსო სისტემის მდგრადობაზე და სებ-ის მიერ გატარებულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც სსფ-ის მიერ დადებითად არის შეფასებული“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

 

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სსფ-სთან ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების მნიშვნელობას ქვეყნის ფისკალური ჩარჩოს სწორი მართვისთვის და აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებას და ქვეყანაში ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნებას.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …