წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს ბაზარზე მსხვილი გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines შემოდის – მარიამ ქვრივიშვილი

2022 წლის მაისიდან საქართველოს ავიაბაზარზე მსხვილი გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines შემოდის და კვირაში ორჯერ განახორციელებს რეგულარულ რეისებს მაინის ფრანკფურტი – თბილისი – მაინის ფრანკფურტის მიმართულებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გერმანულ ავიაკომპანიასთან თითქმის ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობდა, რომელიც, კოვიდ-ის ვითარების მიუხედავად, წარმატებით დასრულდა.

„ამით ევროპის კიდევ ერთი ქალაქიდან იქნება პირდაპირი ფრენები შესაძლებელი საქართველოში, რაც პოტენციურ ტურისტებს ევროკავშირიდან ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას გაუმარტივებს. ჩვენთვის გერმანია, ევროპის სხვა სახელმწიფოების მსგავსად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამიტომაც ყოველთვის პროაქტიულად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ევროპული ავიაკომპანია დავაინტერესოთ და მეტი მიმართულება დავამატოთ. ჩვენი მიზანია, ევროპის რაც შეიძლება მეტი ქალაქიდან იყოს შესაძლებელი საქართველოში საჰაერო გზით ჩამოსვლა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ევროპის სხვა ავიაგადამყვანებთან, რათა მათაც აამოქმედოს პირდაპირი ფრენები საქართველოს მიმართულებით. ეს ხელს შეუწყობს მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების შემოსვლის ზრდას საქართველოში და ადგილობრივი საავიაციო ბაზრის სწრაფად აღდგენას,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ავიაკომპანია Condor-ი 1955 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. 2021 წლის ივლისის მონაცემებით, ავიაკომპანია 50 ბოინგისა და ეარბასის ტიპის საჰაერო ხომალდებს ფლობს. Condor-ი ფრენებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასრულებს.

 

შემთხვევითი სიახლე

ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში …