თბილისი (BPI) – ინოვაციური განათლებისა და კვლევების ინსტიტუტის (IERI) დამფუძნებლების გადაწყვეტილებით და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით 10 ქალს, რომლებიც შვილების აღზრდის გამო თავიანთ პროფესიულ საქმიანობას ჩამორჩნენ და მის აღსადგენად კვალიფიკაციის ამაღლება სჭირდებათ, ინსტიტუტი საერთაშორისო სასერთიფიკატო პროგრამებს დაუფინანსებს. ქალები შერჩეული იქნებიან მთელი საქართველოდან კონკურსის წესით, სადაც მთავარი კრიტერიუმი მათი მოტივაცია იქნება, რაც შეეხება მოთხოვნებს, კონკურსში მონაწილეობა 40 წლამდე ასაკის ქალებს შეეძლებათ, რომელთაც ერთი ან მეტი შვილი ჰყავთ და მათი პროფესიული საქმიანობიდან არ არის გასული 7 წელზე მეტი.
ინოვაციური განათლებისა და კვლევების ინსტიტუტი (IERI) არის უნიფიცირებული ციფრული პლათფორმა, სადაც ბიზნესის ყველა სექტორისთვის საგანმანათლებლო, საინფორმაციო და საკონსულტაციო სივრცე იქმნება. ინსტიტუტის მიზანია, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება, რაც საშუალებას მისცემს სხვადასხვა ბიზნეს სექტორს გააუმჯობესონ თავიანთი საქმიანობა, გამართონ მართვის ორგანიზაციული სისტემები, გაზარდონ საქონლისა და მომსაურების ხარისხი, მიიღონ დროული და საჭირო ინფორმაცია ტექნოლოგიური სიახლეების, ბაზრის შესაძლებლობების, გამოუყენებელი პოტენციალისა და განვითარების სხვა სივრცეების შესახებ.
ინოვაციური განათლებისა და კვლევების ინსტიტუტი (IERI) ციფრული პლათფორმებისა და ტექნოლოგიების მეშვეობით ახორციელებს ელექტრონულ განათლებას და 2021 წლიდან საერთაშორისო სასერთიფიკატო და ონლაინ სამაგისტრო პროგრამებს შესთავაზებს ადგილობრივ და საერთაშორისო აუდიტორიას. მაღალრეიტინგული საერთაშორისო ბიზნეს სკოლების მიერ აკრედიტირებული ტრენინგ მოდულები და ონლაინ სამაგისტრო პროგრამები განკუთვნილი იქნება ბიზნესის დამფუძნებლების, ტოპ და საშუალო რგოლის მენეჯერებისა და ბიზნესის ადმინისტრირებით დაინტერესებული სხვა ადამიანებისთვის.
IERI-ის პლათფორმაზე შესაძლებელი იქნება ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება ბიზნეს სექტორების მიხედვით: ბაზრის ანალიზი, სამართლებრივი რეგულაციები, ინფორმაცია გრანტების, შეღავათიანი სესხების, ინვესტორებისა და სხვადასხვა სახის ფინანსური მხარდამჭერი ინსტრუმენტების შესახებ.
ინსტიტუტის პლათფორმაზე დაინტერესებულ ადამიანებს შეეძლებათ მიღონ მათი ბიზნესისთვის საჭირო სხვადასხვა მომსახურება: იურიდიული, ფინანსური, ტექნოლოგიური მიმართულებით, ასევე, შეეძლებათ მიიღონ ექსპერტული მომსახურება შესაბამისი ბაზრის ანალიზისა და კონკურენტების საქმიანობის შეფასების, ახალი ბაზრების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების მიზნით სხვადასხვა ბიზნეს სექტორებისა და ქვეყნების ჭრილში და სხვა აუთსორსული სერვისები ბიზნესის ეფექტიანობის ასამაღლებლად.
ინოვაციური განათლებისა და კვლევების ინსტიტუტი (IERI) 2020 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან თამარ კერძაია, ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ განათლების კომიტეტის თავჯდომარე, ასოცირებული პროფესორი და ვლად ბეჟაშვილი, EBIT GROUP-ის დამფუძნებელი.