FDA-მ აშშ-ში გახურებადი თამბაქოს (IQOS) გაყიდვა დასაშვებად ცნო

თბილისი (BPI) – 2019 წლის 30 აპრილს, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ (FDA) კომპანია Philip Morris Products S.A.-ის მიერ IQOS Tobacco Heating System-ისთვის შემუშავებული ახალი პროდუქციის გაყიდვა დასაშვებად ცნო.

IQOS-ი ორნაწილიანი ელექტრო მოწყობილობაა. თუკი თამბაქო ტრადიციული სიგარეტის ფორმით 800 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე იწვის, IQOS-ის შემთხვევაში წვა საერთოდ არ ხდება, თამბაქო კი მაქსიმუმ 350 გრადუსზე ცხელდება. ამასთან, გარეთ მხოლოდ ორთქლი გამოდის და არა გამონაბოლქვი. დაბალ ტემპერატურაზე გაცხელება წარმოქმნის თამბაქოს მსგავს გემოს, მაგრამ გაცილებით ნაკლები ქიმიკატებით, ვიდრე ეს ტრადიციულ სიგარეტშია.

სააგენტომ  დაადგინა, რომ აეროზოლი, რომელსაც IQOS Tobacco Heating System შეიცავს, შედგება ნაკლებ ტოქსიკური ქიმიკატებისგან, ვიდრე სიგარეტის ბოლი და ბევრი ტოქსინი, რომელიც წარმოდგენილია პროდუქტში, ნაკლები შემცველობითაა, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტის ბოლში.

FDA-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, სააგენტომ გადაწყვიტა, რომ ამ პროდუქტების წარმოება აშშ-ში მისაღებია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად, რადგან პროდუქტი გაცილებით ნაკლებ ტოქსინებს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი.

“მართალია ახალი თამბაქოს პროდუქტის ავტორიზაცია იმას არ ნიშნავს, რომ ის აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუმცა განხილვის პროცესმა ცხადად აჩვენა, რომ რისკებისა და ბენეფიტების გათვლით, ამ პროდუქტის გაყიდვა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მისაღებია. მათ შორის, ბენეფიტებში მოიაზრება ისიც, რომ მწეველები ჩვეულებრივ სიგარეტს ამ პროდუქტის გამოყენებით თავს დაანებებენ,”- ამბობს FDA-ის თამბაქოს პროდუქტების ცენტრის ხელმძღვანელი მიტჩ ზელერი.

ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ  აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ მკაცრი მარკეტინგული წესები დაუწესა პროდუქციას, რათა იგი ახალგაზრდებისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი. FDA აგრეთვე მოითხოვს, რომ ყველა შეფუთვაზე დატანილი იყოს ეტიკეტი და რეკლამა, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას ნიკოტინზე დამოკიდებულების შესახებ და აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული, რომ IQOS-ის მოხმარების შემთხვევაშიც არსებობს დამოკიდებულების გაჩენის რისკი.

პროდუქცია, რომლის გაყიდვაც აშშ-ის ბაზარზე დასაშვები გახდა, არის IQOS მოწყობილობა, Marlboro Heatsticks, Marlboro Smooth Menthol Heatsticks და Marlboro Fresh Menthol Heatsticks.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …