ნათია თურნავა: ქართულ ენერგეტიკაში უახლოეს პერიოდში $2 მლრდ-ის ინვესტიცია ჩაიდება

თბილისი (BPI) – ენერგეტიკის სფეროში ახალი პროექტები ქვეყანას უახლოეს პერიოდში 2 მილიარდი დოლარის ახალ ინვესტიციებს მოუტანს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, სამინისტროს აქვს მთავრობის და პრემიერის დავალება, რომ ენერგეტიკაში მაქსიმალურად გაააქტიუროს მხარდაჭერა ინვესტორების მიმართ.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ახალი 900 ჯამური მეგავატის დადგმული სიმძლავრის 50-მდე პროექტი შევიდა. „მათი ნაწილი უახლოეს პერიოდში იქცევა მემორანდუმად და დაიწყება მშენებლობები. ეს არის დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის დამატებითი, ახალი ინვესტიცია, რომელიც უახლოეს პერიოდში აისახება“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე იწყება ახალი პროექტები განახლებად ენერგიებში, კერძოდ, 300 მეგავატის ხუთი ახალი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა უკვე წელს დაიწყება, ასევეა მზის ელექტროსადგურებთან დაკავშირებითაც – ნათია თურნავას ინფორმაციით, მზის 30-დან 50-მდე მეგავატი სიმძლავრის პირველი  ელექტროსადგურის ტენდერი შედგება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად.

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს ინტენსიფიკაცია, თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევაა, მათ შორის განსაკუთრებით რთულია მსხვილი პროექტების წარმოება, რადგან მოსახლეობასთან მეტი მუშაობაა საჭირო, ასევე გარემოსდაცვითი რისკების თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …