თბილისი (BPI) – სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფს“ შორის შეთანხმება შედგა. „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა“ „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების ქსელი შეიძინა, გარიგება 2019 წლის 22 ნოემბერს გაფორმდა. ჯიპიაიში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ერთგვარი განაცხადია – ევროპელი აქციონერები წლებია მოუწოდებენ ქართულ მენეჯმენტს განვითარება სადაზღვევო საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული მიმართულებებით განაგრძოს.
პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ის არის, რომ კონცენტრაცია მოვახდინოთ ჩვენს ძირითად ბიზნესზე – სადაზღვევო საქმიანობაზე და განვავითაროთ ის მიმართულებები, რაც ამ ბიზნესს უკავშირდება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს გარიგება შედგა, რადგან ახალი მფლობელის შერჩევის პროცესი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა – ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ახალი ინვესტორი ყოფილიყო ძლიერი პარტნიორი, რომელიც ღირსეულად გადაიბარებს დაწყებულ საქმეს და იქნება საიმედო როგორც ჩვენთვის, ისე „ჯეო ჰოსპიტალსის“ თანამშრომლებისთვის.“
მისი განცხადებით, ამ ბიზნესიდან გასვლის მეორე და საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზი გახლავთ საქართველოში ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე მოვლენები და ის არაპროგნოზირებადი გარემო, რასაც ნაჩქარევი და ხშირად დაუფიქრებელი ინიციატივები ქმნის.
პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ჩვენი მოტივაცია, ეს ბიზნესი ახალი ინვესტორისთვის გადაგვებარებინა იმდენად დიდი იყო, რომ დავთანხმდით გარიგების თანხას, რომელიც ჩადებულ ინვესტიციას ვერ იღებს. დასაწყისიდანვე ჩვენ არ ვუყურებდით ამ მიმართულების განვითარებას, როგორც მხოლოდ მოგების გენერირების საშუალებას, უფრო მეტიც – ჰოსპიტალური კლინიკების მშენებლობა მაშინდელი ბაზრის კონიუნქტურის მოთხოვნა იყო, რასაც ჩვენ დავყევით, რომ შეგვენარჩუნებინა ლიდერის პოზიცია და ინვესტიციაც ამ მიზნით განვახორციელეთ.“
„ჯეო ჰოსპიტალსი“ 2011 წელს დაარსდა. მისი ქსელი 17 კლინიკას აერთიანებს საქართველოს 5 რეგიონში, რომელთა მშენებლობა 2010-2011 წლებში განხორციელდა: ქვემო ქართლი, იმერეთი, მცხეთა მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი. კლინიკების მშენებლობასა და განვითარებაში 2010-2011 წ.წ. ათეულობთ მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განხორციელდა.
პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ჯეო ჰოსპიტალსის ქსელი 2011 წელს დავაფუძნეთ. ამ 8 წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი ღირებულება იყო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი გაგვეხადა მოსახლეობისთვის რეგიონებში. ვამაყობთ, რომ დღეს “ჯეო ჰოსპიტალსი” გამორჩეული კლინიკების ქსელია და პაციენტების 95% კმაყოფილია მისი მომსახურებით. ჩვენი როგორც სადაზღვევო კომპანიისა და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, კვლავ გაგრძელდება.
რაც შეეხება ჯიპიაი ჰოლდინგის ამ განაცხადს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩვენი აქციონერის, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ როლი ამ გადაწყვეტილებაში. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ყოველთვის მიიჩნევდნენ, რომ სადაზღვევო კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო სადაზღვევო მიმართულება უნდა იყოს. გვიხარია, რომ ამ ნაბიჯითაც ვხდებით ევროპული ბიზნესის მაგალითები ქართულ ბაზარზე!“
„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ საქართველოში სადაზღვევო სექტორის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად სადაზღვევო ბიზნესის სხვა სფეროებისგან გამოყოფას და მთავარ საქმიანობაზე ორიენტირებას მიიჩნევს. ინვესტორები ქართული სადაზღვევო ბაზრის ზრდისთვის დიდ პოტენციალს, მოახლოებული საკანონმდებლო ცვლილებისა და ბაზარზე რეფორმების გაგრძელებაში ხედავენ.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამართლებრივი მხარდამჭერი ამ გარიგების განხორციელებაში „ბიდიო ლეგალი“ იყო.