„ჯიპიაი ჰოლდინგი“ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდება

თბილისი (BPI) – „ჯიპიაი ჰოლდინგი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი  კომპანია უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომელიც , 25 ნოემბერს დაიწყო და ამ პრინციპებზე ხელმომწერ სხვა კერძო კომპანიებთან ერთად განცხადებას ავრცელებს:

„გენდერული ძალადობის დაძლევაში კერძო სექტორს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები, რომლებიც ქალთა გაძლიერებისკენ ვისწრაფვით, ვაცნობიერებთ, რომ გენდერული ძალადობის აღმოფხვრის გარეშე ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რათა ხელი შევუწყოთ ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნას როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ, ავამღალოთ ცნობიერება ამ პრობლემის შესახებ, პოპულარიზაცია გავუწიოთ სერვისებს, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ არსებობს და მხარი დავუჭიროთ გენდერული ძალადობის მსხვერპლებს“, – ნათქვამია კომპანიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 16 დღეს გაგრძელდება. კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მასში მონაწილე ქვეყნები, ორგანიზაციები, კომპანიები თუ უბრალოდ მოქალაქეები სოლიდარობის ნიშნად სხვადასხვა აქტივობაში სწორედ ნარინჯისფერს იყენებენ. კამპანიის მხარდასაჭერად, ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების ოფიციალური ანგარიშები სოციალურ ქსელებში განარინჯისფერდება. ცნობიერების ასამაღლებლად, ამ 16 დღის განმავლობაში, კომპანიები გენდერული ძალადობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციასაც გაავრცელებენ.

ჯიპიაი ქალთა გაძლიერების პრინციპებს 2017 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. მათ შორის გამორჩეული იყო დასაქმების მასშტაბური პროგრამა 2016-2017 წლებში, რომლის შედეგად ჯიპიაიში 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა და მათი 80% საშუალო და მაღალი ასაკის ქალი იყო. ამ პროექტმა ათასწლეულის განვითარების ფონდის კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გაიმარჯვა და ჯიპიაიმ საპატიო ჯილდო მიიღო. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს გაეროს ქალთა გაძლიერების პროგრამასთან და ყველა კამპანიაში ერთვება. ამ ეტაპზე ჯიპიაი გაეროს მხარდაჭერით ქალი მეწარმეების მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს.

ქალთა გაძლიერების პრინციპები წარმოადგენს სახელმძღვანელოს, რომელიც კერძო სექტორს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით ეხმარება. პრინციპების დანერგვაზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში 2014 წლიდან მუშაობს და მათზე ხელი 70-ზე მეტ კომპანიას აქვს მოწერილი.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …