“ჯეპრა” და კალიგრაფი დავით მაისურაძე ზვიად გამსახურდიას ხელნაწერ შრიფტს ქმნიან

თბილისი (BPI) – საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“ კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ზვიად გამსახურდიას შრიფტს შექმნის.

ხელნაწერი შრიფტი ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით იქმნება. ამა წლის 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 82-ე წელი სრულდება.

ჯეპრას სპეციალური პროგრამების მენეჯერის, რუსკა უსტიაშვილის განცხადებით, პროექტში ჩართული ყველა მხარის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ზვიად გამსახურდიას ხელნაწერების გაციფრულება და შრიფტის შექმნა. „იდეის განხორციელება არ იყო მარტივი, რადგან, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხელნაწერების დიდი ნაწილი ხანძრის გამო განადგურდა, ბევრი საარქივო მასალა უბრალოდ აღარ არსებობს. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელმაც კიდევ უფრო დაგვარწმუნა ჩვენი თვალთახედვის სისწორეში,“ – აღნიშნა რუსკა უსტიაშვილმა.

„ჯეპრას“ და დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი ეს უკვე მესამე შრიფტი იქნება. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის ფარგლებში გაციფრულდა ნიკო ნიკოლაძის და იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერები.

”შრიფტი მხოლოდ ცნობილი მოღვაწის ხელნაწერიდან ამოკრებილი ასოების ერთობა არაა. შრიფტში პიროვნების ხასიათი უნდა ჩანდეს, მასში უნდა აისახოს ყველაფერი: ავტორი კალამს მსუბუქად უსვამს თუ მკაცრად, დინჯად წერს თუ სწრაფად, წერისას მშვიდია თუ აღელვებული… ზოგჯერ ავტორის წერილებიდან სხვადასხვა ხასიათი ჩანს და აქ შრიფტის დიზაინერის ამოცანა რთულდება: მან უნდა შეძლოს, ხელწერის ზოგადი თვისებებიც შეაჯეროს, მაგრამ ამავე დროს ნაწერს არ დაკარგოს ინდივიდუალური ხასიათი. ზვიად გამსახურდიას წერილების კალიგრაფიაზე დაკვირვებაც ამ მხრივაა საინტერესო: კალიგრაფია ჩემთვის მიმანიშნებელია იმისა, თუ რას გრძნობს იგი აზრის გადმოცემისას. ასეთი ინტერპრეტაციები ზუსტი რომც არ იყოს, შრიფტზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოა. შედეგი კი კიდევ უფრო სასიამოვნო: ასე მგონია, მათი ხელწერის გაცოცხლებით დიდი ქართველი მოღვაწეების უკვდავყოფაში უმცირესი წვლილი მეც შემაქვს,“- განაცხადა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ.

ზვიად გამსახურდიას შრიფტის შექმნის მხარდაჭერისა და ხელნაწერების მოწოდებისთვის, ჯეპრა მადლობას უხდის პრეზიდენტის მეუღლეს, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას, ბატონ რობერტ პეტრიაშვილს და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …