„ჯეოქეისსა“ და Middle East Institute-ს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისსა“ და ვაშინგტონში მოქმედ არასამთავრობო ანალიტიკურ ორგანიზაცია Middle East Institute (MEI)-ს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

„ჯეოქეისის“ ინფორმაციით, MEI დაკავებულია ახლო აღმოსავლეთის საკითხების კვლევით, უზრუნველყოფს პოლიტიკის ექსპერტულ ანალიზსა და საზოგადოებას აწვდის საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების სერვისებს. ასევე, წარმოადგენს ჰაბს, რომელიც ხელს უწყობს ახლო აღმოსავლეთის ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას.

მათივე ცნობით, ანალიტიკურ ცენტრებს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს კვლევითი პარტნიორობის გაღრმავებას და ანალიტიკოსების გაცვლის კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლას.

შეთანხმების ფარგლებში, მხარეები ორგანიზებას გაუწევენ ერთობლივ პროექტებს, სამუშაო შეხვედრებს, კონფერენციებსა და ღონისძიებებს, რათა აუდიტორიას გააცნონ ექსპერტთა მოსაზრებები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა და Middle East Institute-ის Frontier Europe Initiative-ის დირექტორმა, პროფ. იულია ჯოჯამ.

„ავტორიტეტულ ანალიტიკურ ცენტრებთან პროფესიული კავშირების გამყარება ხელს შეუწყობს ჩვენს მიზანს და ძირითად მისიას: დაინტერესებულ მხარეებს მივაწოდოთ მოვლენების გამჭვირვალე კვლევა და მიუკერძოებელი ანალიზი“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

„ჯეოქეისის“ ინფორმაციით, ეს თანამშრომლობა ანალიტიკურ ცენტრებს საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ საუკეთესო ცოდნა და გამოცდილება. იგი, ასევე, ხელს შეუწყობს რეგიონებს შორის ხელოვნებისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …