ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ოფისში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ნატო-ს მადრიდის სამიტზე მისაღებ გადაწყვეტილებებთან და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
პრესკონფერენციაზე სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა ნატო-ს გენერალური მდივნისა და ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების მისამართით მომზადებული წერილი გაასაჯაროვეს.
„საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის მიზანია ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერება, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება, სტაბილურობის, განვითარების და მშვიდობის ხელშეწყობა, და ქართველი ხალხის კეთილდღეობისა და უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა. ვთვლით, რომ აუცილებელია საქართველოსთვის უსაფრთხოების ახალი გარანტიების მინიჭების, მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული პოლიტიკური დაპირების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება. ვფიქრობთ, რომ არსებული ვითარების ანალიზის შედეგად, საქართველოს ნატო-ში წევრობა მისი უსაფრთხოების დაცვის რეალური გარანტიაა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. მით უფრო იმ ფონზე, რომ საქართველოს ალიანსში წევრობის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია და შეუძლია თავისი წვლილის შეტანა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში. შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის გარეშე კი ვერ მოხდება მთლიანი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მისი დაცვა მომავალში.“ -აღნიშნულია განცხადებაში.
წერილს, ხელს აწერენ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი, ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ხათუნა ბურკაძე, გენერალ – მაიორი (გადამდგარი) გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი საქართველოს ყოფილი სამხედრო წარმომადგენელი ნატო-სა და ევროკავშირში „ჯეოქეისის“ მრჩეველი, ვახტანგ კაპანაძე, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი, გიორგი ანთაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, „ჯეოქეისის“ მკვლევარი ეკონომიკის მიმართულებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი აბაშიშვილი, მედ. აკად. დოქტორი, პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი, თორნიკე შარაშენიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, საგარეო ურთიერთობების მიმართულებით, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მდივანი-ყოფილი მრჩეველი, თენგიზ ფხალაძე, „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის“ (IDI) დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, ვლადიმერ სვანაძე, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის (CYSEC) დამფუძნებელი, ანდრო გოცირიძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე ნატო ბაჩიაშვილი, პროფესორი, ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დირექტორი, ვახტანგ ჭარაია, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნოდარ ხარშილაძე.
იხილეთ ღია წერილი https://bit.ly/3OpeK8N