„ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს პროფესორი გიორგი ხუბუა შეემატა

ანალიტიკური ცენტრი ჯეოქეისის მრჩეველთა საბჭოს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა შეემატა. იგი „ჯეოქეისს“ ევროპის კვლევით და პოლიტიკურ ინსტიტუტებთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაში დაეხმარება.
გიორგი ხუბუა სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი.
პროფ. ხუბუას აქტიური სამეცნიერო კონტაქტები აქვს გერმანიასთან. იყო იენის, ბამბერგის, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი; კვლევით საქმიანობას ეწეოდა ჰეიდელბერგის მაქს პლანკის საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, ჰანოვერის უნივერსიტეტში, ბერნის (შვეიცარია) უნივერსიტეტში, გერმანიის სახელმწიფო მართვის უნივერსიტეტში (შპაიერი).
გიორგი ხუბუას სამეცნიერო ინტერესის სფეროებია საჯარო მმართველობა, სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია, ადამიანის უფლებები, სამართლის მეთოდები.
არის 80-ზე მეტი ნაშრომის, მათ შორის სახელმძღვანელოების, სამეცნიერო მონოგრაფიების, კონსტიტუციის კომენტარების ავტორი, ქართული და უცხოური სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიების წევრი და რედაქტორი.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გუნდი იზრდება და გამორჩეული პროფესიონალების შემოერთებით ძლიერდება. ბატონი გიორგის კომპეტენცია და გამოცდილება დიდი შენაძენია ანალიტიკური ცენტრისთვის და გვჯერა, ჩვენი თანამშრომლობაც წარმატებით შედგება.“ – აღნიშნა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …