ჯანმრთელობისა და ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო უნდა იყოს – „დაზღვევის კავშირი“

დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივნის, ლაშა ნიკოლაძის განცხადებით, 2013 წელს „საყოველთაო ჯანდაცვის“ სახელმწიფო პროგრამის ამუშავებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოსახლეობის სამედიცინო დაცვის ნაწილში.

მისი თქმით, როგორც ყველა პროექტი, აღნიშნულიც მუდმივი განვითარებისა და ტრანსფორმაციის პროცესშია და ვთვლით, რომ ამ ეტაპზე დადგა დრო სადაზღვევო ინდუსტრიისა და „საყოველთაო ჯანდაცვის“ ურთიერთქმედებით, დაიწყოს მსჯელობა „გონივრული მინიმუმის“ ჯანმრთელობის დაზღვევა, სავალდებულო წესით იქნეს შეთავაზებული დასაქმებული მოსახლეობისათვის. მოხდეს პრემიების გათვლა და მათი საგადასახადო წნეხისგან გათავისუფლება.

„დაზღვევის კავშირი“ ასევე აყენებს მეორე მნიშვნელოვან საკითხს, რაც „ავტომფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას ეხება“.

როგორც ლაშა ნიკოლაძე აღნიშნავს, ბოლო წლების აშკარად თვალშისაცემი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, გზებზე მოძრაობის კულტურის გათვალისწინებით, გამოკვეთილად ზრდის სადაზღვევო რისკებსაც, რაც სათანადო რეფორმებს მოითხოვს.

„ამ ჭრილში საკმაო ხანია საქართველოში სავალდებულო დაზღვევის შემოღებაც იგეგმება, კერძოდ, სავალდებულო დაზღვევის კანონპროქეტი „ავტომფობელისპასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ“. შემუშავებულია საერთაშორისო პრაქტიკის, დაინტერესებული საექსპერტო მხარეების აქტიური ჩართულობით და საპარლამენტო კომიტეტებში ელის შესაბამის პროცედურებს. ერთია საკანონმდებლო მხარდაჭერა, მეორეა მისი პრაქტიკაში ადექვატური განხორციელება. ჩვენი აზრით, სადაზღვევო ინდუსტრიის უპირველესი ძალისხმევა ამ უმნიშვნელოვანესი საკითხების მზაობას, რელევანტური ფორმით შემოღებასა და იმპლემენტაციას უნდა დაეთმოს. სადაზღვევო გამოცდილება გვასწავლის, რომ სრულიად დაუშვებელია არარელევანტური, გაუთვალისწინებელი, მოუმზადებელი დაზღვევის პროექტების პრომოცია, რასაც შესაძლოა დაზღვევის დისკრედიტაცია და ბაზრის შემცირება მოყვეს.

ორივე ამ საკითხზე, როგორც ექსპერტების, ასევე პრაქტიკოსების უშუალო ჩართულობით შესაძლებელია საუკეთესო და ყველასთვის მისაღები გზის, ტემპის, ეტაპების გამოკვეთა და რეალიზაცია“,- განაცხადა ნიკოლაძემ.

მისი თქმით, „დაზღვევის კავშირს“ შემუშავებული აქვს კონკრეტული ხედვები და მოსაზრებები და აცხადებს მზაობას ნებისმიერ დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა.

„ჩვენი, როგორც „დაზღვევის კავშირის“ მოწოდებაა სადაზღვევო კომპანიების მიმართ მაქსიმალური ჩართულობა და ენერგია, ამ ორი – ყველაზე მნიშვნელოვანი სადაზღვევო დეველოპინგის მიმართულებას დავუთმოთ. ჩვენის მხრივ მზად ვართ კავშირში ახალი წევრების მიღებისა და სასარგებლო იდეების რეალიზებისათვის“,- განაცხადა ნიკოლაძემ.

„აიპ „დაზღვევის კავშირი“ , როგორც რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის და სადაზღვევო ბროკერის შეჯერებული ინტერესების გამომხატველი ორგანო, 2018 წელს დაფუძნდა. მიმდინარე წლის ივნისიდან ამ სტრუქტურის აღმასრულებელ მდივნად ლაშა ნიკოლაძე დაინიშნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

წყარო: bpn.ge

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …