ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა დაიწყო

ხიხანი ციხემდე ასასვლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა დაიწყო. ერთკილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკის ძირითადი ნაწილი გაფართოებულია, მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება და მომზადება მოაჯირების, კიბეებისა და მოსასვენებელი ადგილების მონტაჟისთვის. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტურისტული ბილიკის კეთილმოწყობა ხიხანის ციხის დალაშქვრის გამარტივების მიზნით დაიწყო, რაც ციხეზე ასვლას ტურისტებისთვის უსაფრთხოსა და მიმზიდველს გახდის.

ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში. ციხე უნიკალურია, როგორც თავისი ადგილმდებარეობით და იერსახით, ისე გარშემორტყმული ლანდშაფტით. ციხე განთავსებულია მთის ფერდობზე ერთ-ერთ ყველაზე რთულ რელიეფზე, სადაც ასვლა შესაძლებელია მხოლოდ მთის აღმართში გაკვალული ბილიკით, რომელზეც პროექტის მიხედვით ბუნებრივ და ეკოლოგიურ გარემოსთან შეხამებული ტურისტული ბილიკის მოწყობა მიმდინარეობს.

წელს, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ციხის დალაშქვრა შეიზღუდება, თუმცა 2023 წლიდან განახლებული ბილიკით ხიხანის ციხე ალპური მარშრუტების მთავარი დანიშნულების ადგილი გახდება, რაც  მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას ხიხაძირის ხეობაში.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …