ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე მიმართული იმისკენ, რომ ჩავარდნილიყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი -კონსორციუმი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ თავისი აქციონერების ‐ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება. როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაშია აღნიშნული, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც ეცადა, ჩაეკლა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

„მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული სამწლიანი პოლიტიკური დევნის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მათ თავზე კვლავ ჰაერში გამოკიდებულს ტოვებს უსაფუძვლო სისხლისსამართლებრივ ბრალდებას. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე იყო და არის პოლიტიკური და მიმართული იმისკენ, რომ ჩავარდნილიყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური სახის შენარჩუნების მცდელობა ქართული სასამართლოსა და მთავრობის მიერ. სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის ბრალდება ფულის გათეთრების საფუძვლით, თუმცა თვითნებურად გადააკვალიფიცირა თაღლითობით, რისი კანონიერი საფუძველიც მას არ ჰქონდა. ეს შედეგი ფარსია, რადგან პროკურატურას ასეთ დანაშაულზე არ წარუდგენია ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის და სასამართლოზე ის არ განხილულა. ჩვენი გადასახედიდან, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის განზრახვაა ‐ ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს, ან თუ გაგრძელდება, არა კონსორციუმის ინვესტორების მონაწილეობით.

საერთაშორისო საზოგადოებრიობა უდაოდ მიაქცევს ყურადღებას ამ გადაწყვეტილებას. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ თავდაპირველი ბრალდების უსაფუძვლობა ზედაპირზევე ნათელი იყო, რასაც ასევე ადასტურებდა სახალხო დამცველისა და Transparency International‐საქართველოს დამოუკიდებელი დასკვნები. თუმცა ამან ვერ შეაჩერა მთავრობის მხრიდან სასამართლო პროცესში ჩარევის მცდელობები და ვერ უზრუნველყო სახელმწიფო სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში არსებული დარღვევების აღკვეთა.

ეს არის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რამაც არსებითად დააზიანა კონსორციუმის საქმიანობა ანაკლიის პროექტის განვითარების მიმართულებით, რასაც მოჰყვა მთავრობის მიერ პროექტის უკანონო შეწყვეტა და შესაბამისი საარბიტრაჟო დავების დაწყება.

სამწუხაროდ, სამართლიანობის ეს უკანასკნელი დაცინვა კიდევ ერთი ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად, რომ რეპუტაციულმა საერთაშორისო ფინანსურმა ჯგუფებმა არ განახორციელონ ინვესტიცია პროექტში.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ზიანისმომტანი შედეგები ნათელია: ამ პოლიტიკური ანგარიშსწორებითა და ანაკლიის პორტის პროექტისთვის ძირის გამოთხრით „ქართული ოცნების“ მთავრობამ ასევე განდევნა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. ეს იმ ფარსის გაგრძელებაა, რომლითაც მთავრობა ხელს უწყობს საინვესტიციო საზოგადოების, ევროკავშირისა და აშშ‐ის მთავრობების და საკუთარი მოქალაქეების მოტყუებას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული, მისი ნამდვილი ზრახვების შესახებ. ანაკლიის პორტის პროექტის მისამართით დეკლარირებული მხარდაჭერის მიუხედავად, ბოლო სამი წლის განმავლობაში მთავრობის ქმედებებმა აჩვენა, რომ იგი აქტიურად აჩერებს ან ეწინააღმდეგება რაიმე პროგრესს დიდი ხნის ნანატრი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართულებით.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ კიდევ გაურკვეველი ვადით გადაიდოს ის დღე, როდესაც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …