ხაზარაძე ივანიშვილს წყალტუბოს პროექტზე: ამის უფლებას არ მოგცემთ

თბილისი (BPI) – ლელოს დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიოს ინიციატივას ეხმიანება. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოს 22 სასტუმროს და 9 სამკურნალო აბანოს 27 კერძო ინვესტორისგან გამოსყიდვა კეთილშობილებით შენიღბული რეკეტის ნიშნების შემცველია.

“ამის ავტორი არის ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი. ეს არის ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელება, რომელიც ივანიშვილმა უკვე განახორციელა პროკურატურაში, სასამართლოში, სახელმწიფო ინსტიტუტებში, ხოლო ახლა რუსეთში ნაშოვნი გაურკვეველი წარმოშობისა და პანამის ოფშორული კომპანიიდან შემოსული ფულით განაგრძობს უკვე კერძო სტრუქტურების ნგრევასა და ჯიბეში ჩადებას.

ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილი ნიშნავს არარსებულ საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში, მაშინ, როდესაც სახეზეა უცხოური ინვესტიციების 54 % – ით ვარდნა, მაშინ, როდესაც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროექტიდან გადიან უმსხვილესი უცხოელი ინვესტორები.

არცერთი ქვეყანა ასე არ განვითარებულა და არც ჩვენი ქვეყანა განვითარდება. რადგან ბიძინა ივანიშვილის მმართვის სტილი ნიშნავს სუსტ სახელმწიფოს, სუსტ ეკონომიკას, არაჯანსაღ საინვესტიციო გარემოს, არც ისე შორეულ მომავალში კიდევ უფრო დიდ ტრაგედიას – უკიდურეს სიღარიბესა და ტოტალურ უმუშევრობას.

ხომ არ ჯობდა ბიძინა ივანიშვილისთვის მიგვეყიდა სახემწიფო წიაღისეული , რკინიგზა, ტბები, მდინარეები, ტყეები, შავი ზღვის აკვატორია, ყველა ქონება, რათა მან წარმატებულად დაასრულოს ქვეყნის სრული მისაკუთრება-მიტაცების პროცესი.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – ამის უფლებას არ მოგცემთ! ეს უნდა დასრულდეს! ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია უნდა ჩამოშორდეს ქართულ სახელმწიფოს მართვის სადავეებს!” – ამბობს მამუკა ხაზარაძე გავრცელებულ განცხადებაში.

 

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …