წლის ბოლოსათვის ლარის საორიენტაციო კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 2.80-ს, ხოლო ევროსთან მიმართებაში დაახლოებით 3.06-ს შეადგენს – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლება გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ის  2022 წლის ეკონომიკის აქტივობის მოლოდინებს დამატებით აუმჯობესებს და მიაჩნია, რომ 2022 წელს საბაზო სცენარი 8%-ზე მნიშვნელოვნად მეტ ზრდას შეადგენს. ასევე, თიბისი კაპიტალის მოდელის მიხედვით, წლის ბოლოსათვის ლარის საორიენტაციო კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 2.80-ს, ხოლო ევროსთან მიმართებაში დაახლოებით 3.06-ს შეადგენს;

“მაისის ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების მაჩვენებლები, რუსეთიდან შემოდინებების მხრივ შესწორების შემდეგაც ძალზედ ძლიერი იყო და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მოლოდინებს მართალია მცირედით, მაგრამ მაინც აჭარბებდა;
შესაბამისად, თიბისი კაპიტალი განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით, დამატებით აუმჯობესებს 2022 წლის ეკონომიკის აქტივობის მოლოდინებს და საბაზო სცენარი 8%-ზე მნიშვნელოვნად მეტ ზრდას შეადგენს;
ასევე მცირედით, მაგრამ გაუმჯობესებულია ლარის კურსთან დაკავშირებული მოლოდინები. თიბისი კაპიტალის მოდელის მიხედვით, წლის ბოლოსათვის ლარის საორიენტაციო კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 2.80-ს, ხოლო ევროსთან მიმართებაში დაახლოებით 3.06-ს შეადგენს;
მაისის საკრედიტო აქტივობა ასევე ძლიერი იყო. ვალუტების მხრივ, ლარის სესხები უფრო მეტად გაიზარდა. ასევე, პირველი კვარტალის მონაცემებით, საშუალო ხელფასი 15.1%-ით გაიზარდა, თუმცა ინფლაციის გამომწვევ ფაქტორებს შორის, თავისთავად, ძირითადი კვლავ საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტებზე ფასების მატებაა;
ამდენად, ამ და წინა ორშაბათს გამოქვეყნებულ მომოხილვაში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, ჩვენი შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება მოსალოდნელი არ არის;
ასევე, ნაკლებად სავარაუდოა დედოლარიზაციის ღონისძიებების დამატებით გამკაცრება;
ამ მხრივ არგუმენტებია, რომ საპროცენტო განაკვეთებს შორის ისტორიულად მაღალი განსხვავების მიუხედავად, საკრედიტო აქტივობაში მაინც ლარის სესხები ჭარბობს;
მეორე მხრივ, სამომავლოდ აღნიშნული განსხვავების მნიშვნელოვანი შემცირებაა მოსალოდნელი;
ამასთან, დეპოზიტების მკვეთრი ლარიზაციის გარეშე, სესხების ლარიზაცია ლარის კურსის მხრივ კვლავ რისკ შეიცავს”, – განმარტავენ თიბისი კაპიტალში.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …