წლის ბოლომდე ბინების ფასი კიდევ 5%-ით მოიმატებს – „არსი“

წლის ბოლომდე ბინების ფასები კიდევ 5%-ით გაიზრდება – ამის შესახებ „ბიზნეს პალიტრას“ ეთერში სამშენებლო კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა, ბესო ორთოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის უძრავი ქონების ღირებულება 20-25%-ით უკვე გაძვირებულია.

„ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში ვამბობდით, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ბინებზე ფასები მოიმატებდა. კრიზისულ პერიოდს ახლავს შეჩერებული ეკონომიკა და ფასები. ამას ემატება ინფლაცია და ახლა უკვე ომი უკრაინაში, რამაც გამოიწვია სამშენებლო მასალების ფასების ზრდა, რაც საბოლოოდ ბინების ფასზეც აისახება.

ამ დროისთვის ბინების წლიური ფასების დაახლოებით 20-25%-იანი ზრდა გვაქვს, ლოკაციების მიხედვით. ჩემი პროგნოზით წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი კიდევ 5%-ით გაიზრდება ანუ ჯამურად 30%-იან ზრდას მოველით“, – განაცხადა ორთოიძემ.

მისი თქმით, ფასების ზრდა უფრო მეტად გარეუბნებში შეინიშნება, სადაც ბინების ღირებულება უფრო დაბალი იყო, ხოლო ყველაზე ნაკლებად ეს პრობლემა პრემიუმ სეგმენტს შეეხო, რომლის ფასიც ისედაც მაღალი იყო. „თუ აქამდე გარეუბნებში კვადრატულის ღირებულება 500-600 დოლარი იყო, ახლა გახდა 700-800 დოლარი. მიუხედავად ფასის ზრდისა, მოთხოვნის ნაწილი არის მზარდი, ესეც ფასის ზრდის ერთ-ერთი პირობაა“, – განაცხადა ორთოიძემ.

 

წყარო: bpn.ge

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …