წინანდლის მუსიკალური ფესტივალის მეხუთე საიუბილეო სეზონის ჩატარების თარიღები ცნობილია!

2023 წელს, ფესტივალი 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და მსმენელს, ტრადიციულად წინანდლის ისტორიულ მამულში უმასპინძლებს.

წინანდალს კვლავ ეწვევიან მსოფლიოში აღირებული ვარსკვლავები. თუმცა, საიუბილეო სეზონზე ორგანიზატორები განსაკუთრებით საინტერესო პროგრამასა და მუსიკოსების გამორჩეულ შემადგენლობას გვპირდებიან.

ინფორმაცია ფესტივალის პროგრამისა და სხვა დეტალების შესახებ ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

„2023 წელს ფესტივალს 5 წელი უსრულდება. ეს მნიშვნელოვანი თარიღია. ეს ის ზღვარია, რომლის გადალახვის შემდეგ ფესტივალი სხვა განზომილებაში გადადის და მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს ქვეყნის და საზოგადოების ცნობიერებაში.

ძალიან რთული იყო პანდემიის წლებში ფესტივალის გამართვა, მაგრამ ჩვენ შევძელით, რომ წყვეტა არ ყოფილიყო და 100-მდე კონცერტი გავმართეთ, გქონდა 18 პირდაპირი ეთერი კლასიკური მუსიკის ყველაზე რეიტინგულ საერთაშორისო პლატფორმებზე, ვუმასპინძლეთ 70 მსოფლიოში აღიარებულ ვარსკვლავს. წინანდლის ფესტივალის წიაღში დაბადებულ პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს უკვე 8 ქვეყნიდან უერთდებიან მუსიკოსები და ეს ყველაფერი საოცარ ენერგიას ქმნის წინანდალში.

გვაქვს სასიხარულო ამბავი – მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა დაგვთანხმდა და ის კიდევ 3 წელი იქნება ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელი. მაესტროს დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ეს შეთანხმება ურთულესი პროცესის შედეგია. ჯანანდრეა ნოზედა გახლავთ აშშ-ს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ასევე, ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორი, ლონდონის და ისრაელის სიმფონიური ორკესტრების მთავარი მოწვეული დირიჟორი.  დროის დეფიციტის მიუხედავად, 2023 წლიდან ნოზედა წინანდლის ფესტივალს უხელმძღვანელებს და ეს მნიშვნელოვანი შენაძენი ფესტივალის დამფუძნებლების და მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია. სულ მალე გამოვაქვეყნებთ რეპერტუარს და მონაწილეთა სიას, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი იქნება. “ – დავით საყვარელიძე, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი.

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2018 წელს კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით დაარსდა წინანდლის მამულში. წინანდლის ფესტივალის იდეა ემსახურება არა მხოლოდ საქართველოში მსოფლიოს კლასიკური მუსიკის უდიდესი ვარსკვლავების ჩამოყვანას საქართველოში, არამედ წინანდლის საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევას რეგიონის ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსებისთვის, სადაც მათ საშუალება ეძლევათ წარსდგნენ ფართო მსმენელის წინაშე კლასიკური მუსიკის კორიფეებთან ერთად.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …