წიაღის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის ტრენდს 2019 წელსაც ელიან

თბილისი (BPI) – სამთომოპოვებით მრეწველობაში 2018 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 29%-ით გაიზარდა, წინა წელტან შედარებით. დამამუშავებელ მრეწველობაში კი საანგარიშო პერიოდში მონაცემები 44%-ით არის გაზრდილი.

ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, მაია ზავრაშვილის შეფასებით, პოზიტიური მოლოდინებია 2019 წელსაც.

„ეს განპირობებულია გასულ წელს წიაღის მოპოვების მიზნით გაცემული  ლიცენზიებისა და არსებული მომპოვებელი კომპანიების მიერ მოსაპოვებელი მარაგების ზრდით. 2018 წელს უკვე გაცემული ლიცენზიების შესაბამისად, მოზიდული ინვესტიციების მოცულობა შეადგენს 130 მლნ ლარზე მეტს.  სამთომოპოვებით სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის დინამიკას განაპირობებს წიაღის სექტორში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები – გეოლოგიურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ადმინისტრაციული ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია, წიაღის შესწავლის სამუშაოების სტიმულირების მიზნით საწყისი სააუქციონო ფასის შემცირება და ა.შ“ – აცხადებს ზავრაშვილი.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს უმსხვილეს ინვესტორთა ათეულში არიან წიაღის მომპოვებელი შემდეგი კომპანიები –  შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო“ (დამამუშავებელი მრეწველობა), სს RMG Copper (სამთომოპოვებითი მრეწველობა), შპს „ჯორჯიან მანგანეზი“  (დამამუშავებელი მრეწველობა).

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …