„ძველი მრიცხველების ჭკვიანი მრიცხველებით ჩანაცვლება მომხმარებლებისთვის უფასო იქნება“ – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ რუსთავი 2 – ის პირდაპირ ეთერში ჭკვიან მრიცხველებზე საუბრისას განაცხადა, რომ ახალ აშენებულ კორპუსებში მხოლოდ ჭკვიანი მრიცხველები განთავსდება. მისივე თქმით, ჭკვიანი მრიცხველები ხელს შეუწყობს მონაცემების ელექტრონულად მიმოცვლას, რაც, თავის მხრივ, დაზოგავს რესურსებს და ხელს შეუწყობს შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას.

„ჭკვიანი აღრიცხვა ეს არის თანამედროვე მრიცხველი, რომელსაც არ სჭირდება წამკითხველი. თუ დღეს სადარბაზო-სადარბაზო დადიან წამკითხველები, ხანდახან შეიძლება შეცდომაც მოსდით მათ ციფრების ამოწერის პროცესში, რაც შემდეგ დასაკორექტირებელი ხდება, თანამედროვე მრიცხველები საშუალებას იძლევა ელექტრონულად მოხდეს მონაცემთა მიმოცვლა კომუნალურ კომპანიასა და მრიცხველს შორის. ეს ყველაფერი მომხმარებელს უადვილებს აღრიცხვას, რადგან მას შეუძლია კომპიუტერისა თუ სმარტფონის მეშვეობით აკონტროლოს ყოველდღიურად მოხმარებული ენერგიის მოცულობა.

აქვე აღვნიშნავ, რომ 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან აშენებულ და ექსპლუატაციაში შესულ ყველა საცხოვრებელ კორპუსზე მხოლოდ ჭკვიანი მრიცხველი განთავსდება.“განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება ძველ აშენებულ კორპუსებში ჭკვიანი მრიცხველების განთავსებას. დავით ნარმანიას თქმით, ეს პროცესი ეტაპობრივად განვითარდება და რაც მთავარია მომხმარებლისთვის უფასო იქნება.

რაც შეეხება კიდევ უფრო ადრე აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებსა თუ საცხოვრებელ სახლებს, ამ შემთხვევაში მრიცხველების ეტაპობრივი ჩანაცვლება მოხდება. ხოლო მიკროსიმძლავრის სადგურების შემთხვევაში, იქ აუცილებლად ჭკვიანი მრიცხველები უნდა დადგეს. მომხმარებლებისთვის, ძველი მრიცხველების ჭკვიანი მრიცხველებით ჩანაცვლება უფასო იქნება და მათ თანხის დამატება ან გადახდა არ მოუწევთ“. აღნიშნავს დავით ნარმანია.

ინფორმაციისთვის, ჭკვიანი მრიცხველი თავად გადასცემს ინფორმაციას კომპანიას და აღმრიცხველის ადგილზე მისვლა საჭირო არ იქნება. გარდა ამისა, ჭკვიან მრიცხველს შეუძლია თავად ჩართოს ან გათიშოს ელექტროენერგია კონკრეტულ მისამართზე.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …