ციფრული ლარის შემოღება მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოში ფინანსური უსაფრთხოების განვითარებისთვის, გადახდების და გადახდების სისტემების გამარტივებისთვის – ლევან დავითაშვილი

„ციფრული ლარის შემოღება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში ფინანსური  სისტემის ეფექტიანობის, გადახდების  სისტემების გამარტივების, ფინანსური სერვისების უფრო დაჩქარებისა და გაიაფებისთვის. ეს გაამარტივებს მთელ რიგ სახელმწიფო სერვისებს, მათ შორის საჯარო სერვისებსაც და ხელმისაწვდომს გახდის. საქართველოში უფრო მეტი ტექნოლოგიური კომპანია შემოვა და საქართველო ამ ცვლილებით ინოვაციების ავანგარდში უნდა მოხვდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ცვლილებას დრო დასჭირდება. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და საქართველოს ეროვნულ ბანკთან ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისა (CBDC) და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) საკითხებზე.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, მსოფლიო ბანკის მონაწილეობით. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა დიალოგის ხელშეწყობა საჯარო და კერძო სექტორის შორის  ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისა (CBDC) და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) საკითხებზე. მათ შორისაა, CBDC – ის სისტემის სხვადასხვა ასპექტები, რომელიც დაკავშირებულია ე.წ. სმარტ კონტრაქტებთან და ბიზნეს ტრანზაქციების გაციფრულებასთან.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, გადახდის სისტემების გაციფრულება და ფინანსური ეკოსისტემის განვითარება შეუქცევადი პროცესია, რომელიც შესაბამისობაშია გლობალურ ტენდენციებთან და გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციურ გადაწყვეტილებების მზარდ როლსა უფრო ფართო გამოყენებას. მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ფინანსური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით, მათ შორის ფინანსური სერვისების დიგიტალიზაციის და, ასევე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტების  და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესების კუთხით.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, CBDC-ის დანერგვა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან სიახლეს ფინანსურ სექტორში – შესაბამისად, აუცილებელია ფართო კონსულტაციები და საყოველთაო გაგება ძირითად დაინტერესებულ მხარეებს შორის. „CBDC-ს შეუძლია შესთავაზოს მთელი რიგი უპირატესობები, მათ შორის  ბიზნესების და მოსახლეობის უზრუნველყოფა ცენტრალური ბანკის ფულის მოსახერხებელი ელექტრონული ფორმით; მეწარმეებისთვის ახალი ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად შესაბამისი პლატფორმის  ჩამოყალიბება; უფრო სწრაფი და იაფი გადახდების მხარდაჭერა; ფინანსურ სისტემაზე მომხმარებელთა წვდომის გაფართოება,“ – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, USAID – საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ასევე საერთაშორისო საფინანსო და დონორული ორგანიზაციები და კერძო და საჯარო დაინტერესებულ მხარეები, კომერციული ბანკების, ფინტექების/ფინტექ სტარტაპების/ფინტექ კომპანიების ბიზნეს ასოციაციების და საფინანსო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორების წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …