საქართველოს მხრიდან ბევრი შრომაა გაწეული და არაერთი მიღწევაა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, – წერს სოციალურ ქსელში სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია. მისი განმარტებით, დღეს, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელისუფლება განაცხადს ოფიციალურად წარადგენს.
“წარმატებები ჩვენს ქვეყანას! ისტორიული და უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა 2024 წლისათვის გეგმავდა განაცხადის გაკეთებას, მაგრამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მიიღო სწორი და აუცილებელი გადაწყვეტილება განაცხადის დაუყოვნებლივ წარდგენასთან დაკავშირებით.
საქართველოს მხრიდან ბევრი შრომაა გაწეული და არაერთი მიღწევაა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე გარდამტეხი ცვლილებები განხორციელდა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ენერგეტიკაში. დღეს, საქართველო არის ევროპული ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community) წევრი და ახორციელებს იმ რეფორმებს, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს ენერგეტიკის სექტორს. ბოლო წლების განმავლობაში ევროპის ენერგეტიკულ წრეებში გვიკავია წამყვანი პოზიციები. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ის, რომ 2017 წელს ენერგეტიკული თანამეგობრობის ისტორიაში პირველად, თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭოს პრეზიდენტად საქართველოს წარმომადგენელი, სემეკის წევრი ერთხმად აირჩიეს. ამჟამად, სემეკში ევროკავშირთან დაძმობილების უკვე რიგით მეოთხე პროექტი ხორციელდება დიდი წარმატებით.
ჩემი სამეცნიერო თუ სამოქალაქო საქმიანობის დიდი ნაწილი წლების განმავლობაში უკავშირდებოდა და უკავშირდება ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებს. თბილისის მერობის დროს ევროსაბჭოს რეგიონულ კონგრესში ვხელმძღვანელობდი საქართველოს დელეგაციას და აღსანიშნავია არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ევროპისკენ ინტეგრაციის გზაზე. ჯერ კიდევ 2000 წელს ჩემი პირველი ნაშრომი შეეხებოდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. 2002 წელს ჩემი რედაქტორობით ითარგმნა და გამოიცა „ევროკავშირის ეკონომიკა“, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე სხვადასხვა კვლევა მაქვს განხორციელებული ქართველ და გერმანელ კოლეგებთან ერთად კავკასიის ეკონომიკურ და სოციალურ კვლევით ინსტიტუტში.
ყოველთვის მჯეროდა, რომ საქართველო გახდებოდა ევროკავშირის წევრი. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ევროკავშირის წევრობას.
დიდება საქართველოს!
Слава Україні!”, წერს სოციალურ ქსელში დავით ნარმანია.