აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის ტურისტული სეზონის მიმდინარეობას გაეცნო და სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების მიმდინარე ეტაპზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ „გოდერძიზე“ ტურისტული ნაკადებისა და სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით სტაბილური და მზარდი დინამიკა ფიქსირდება.
„მაღალმთიან აჭარაში ტურიზმი აქტიურად ვითარდება. 2025 წელს რეგიონში ვიზიტორთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს მიაღწია. ამაში დიდი წვლილი ეკისრება სწორედ სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ევროპული სტანდარტის ტრასებით არის გამორჩეული. კურორტი სულ უფრო პოპულარული ხდება, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის. დადებითი დინამიკა გვაქვს სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესიც. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონი კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ოთხივე სეზონზე გახდეს ტურისტულად მიმზიდველი,“ – აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.
შეხვედრას აჭარის მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე ესწრებოდნენ.
კურორტ „გოდერძიზე“ ტურისტული ინფრასტრუქტურა ყოველწლიურად ფართოვდება. ზამთრის მიმდინარე ტურისტულ სეზონზე რამდენიმე ახალი სასტუმრო ამოქმედდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილზე დაათვალიერა ახლადგახსნილი ობიექტები და აღნიშნა, რომ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კურორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ტურისტული ნაკადების კიდევ უფრო მატებასა და მაღალმთიანი აჭარის ეკონომიკურ გაძლიერებას.
Business Political Insights BPI.GE