შემოსავლების სამსახურის მიერ ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 20 -მდე ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ, ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას, ფასის ლარით გამოხატვის წესის დაცვის მონიტორინგის ღონისძიებები.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის თანახმად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან რეკლამირებისას, ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით.

აღსანიშნავია, რომ კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოვლენილია საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 20-მდე ფაქტი (ვალუტა – აშშ დოლარი, რუბლი, ევრო).

მსგავს სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით, მიმდინარე წლის 14 ივნისს, საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა განახორციელეს მიმდინარე კონტროლის პროცედურები (მათ შორის, მედია საშუალებებით გავრცელებულ ობიექტებზე) რის შედეგადაც, საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ, შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე, ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, შესაბამისად, მოუწოდებს თავი შეიკავონ ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …