შატო ფერსათი აგროტურიზმის განვითარებას გეგმავს

თბილისი (BPI) – საოჯახო ღვინის მარანი “შატო ფერსათი” აგროტურიზმის განვითარებას გეგმავს.

ბაღდათში ვახტანგ ჯიხვაძის საოჯახო ღვინის მარანში „შატო ფერსათი“ 23 ტონა ტევადობის ქვევრებია. მარანში ციცქას, ცოლიკოურისა და ალადასტურის ღვინოები იწარმოება. წლევანდელ რთველზე, ყურძნის 70% მეწარმემ ადგილობრივი ფერმერებისაგან შეიძინა.

ვახტანგ ჯიხვაძის საოჯახო მარანს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სტუმრობდა. მინისტრი ადგილობრივ, საოჯახო მარნების მფლობელ მეღვინეებს შეხვდა და იმერეთის რეგიონში აგროტურიზმის განვითარების კუთხით წყალტუბოს რეაბილიტაციის ინიციატივასა და სამინისტროს მიერ რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„ღვინის ტურიზმი ქვეყანაში სულ უფრო და უფრო პოპულარულია. იმერეთის რეგიონში მასშტაბური პროექტის დაწყებით, რაც აბასთუმანი-წყალტუბოს განვითარებას გულისხმობს, მეღვინეობის კულტურით და მაღალი ხარისხის ღვინოებით გამორჩეული ბაღდათი მნიშვნელოვანი ტურისტული მარშრუტის შემადგენელი ხდება”, – აღნიშნა მინისტრმა მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე.

ლევან დავითაშვილმა ბაღდათში არსებული მარნებისა და საოჯახო სასტუმროების განვითარებით ეკონომიკური სარგებლის მიღების მნიშვნელოვან პერსპექტივაზეც ისაუბრა.

„ტურისტულ მარშრუტზე, რომელიც აბასთუმანს აკავშირებს წყალტუბოსთან, ჩვენ გვაქვს აჯამეთის აღკვეთილი, სადაც უნიკალური მუხნარი და ბევრი მღვიმეა. ვფიქრობ, ამ რეგიონში ეკოტურიზმი და აგროტურიზმი ერთმანეთს შეავსებს და მეტ მნახველს მოიზიდავს”, – განაცხადა მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …