თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. აგრომიმართულების ხელშეწყობის მიზნით, ბანკისა და „შპს ყვარლის ბაგა“-ს პარტნიორობით კახეთის რეგიონში, ყვარელში, მეცხოველეობის ფერმა გაფართოვდა.
კომპანია დაარსდა 2010 წელს კახეთში, კერძოდ, ყვარელში. ფერმის ძირითად საქმიანობას რძის წარმოება წარმოადგენს. მაღალი ხარისხის რძის წარმოებას მაღალმწარმოებლური, ჰოლშტინის ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი განსაზღვრავს. ფერმა აგებულია ებრაული ფერმის მოდელის მიხედვით, რომელიც ევროპულ მოდელთან შედარებით, ფლობს რიგ უპირატესობებს, რაც ძირითადად მოიცავს პირუტყვის კომფორტს, ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობას. მიმდინარე ეტაპზე შპს ყვარლის ბაგას საშუალო თვიური წარმადობა შეადგენს 665 ათას ლიტრ რძეს. ფერმა დღეის მდგომარეობით 2,000-მდე ძროხას იტევს, რასაც ოპერირებას კომპანიის დაახლოებით 60 თანამშრომელი უწევს. რძის ხარისხი ყოველდღიურად კონტროლდება ფერმაში არსებული ლაბორატორიული აღჭურვილობის საშუალებით. გარდა ამისა, საბოლოო ხარისხი თავად გადამამუშავებელ კომპანიებში მოწმდება.
“ყვარლის ბაგა” საქართველოში რძის ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანიაა, რომლის მიზანია რძის წარმოების თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა რეგიონში. დაარსების დღიდან დღემდე მუდმივად ხდება საწარმოს გაფართოება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზნით მოხდა ბანკის მიერ ფინანსური მხარდაჭერა, რამაც ჯამში დაახლოებით 5.8 მლნ ევრო შეადგინა. ინვესტიცია სხვადასხვა სამუშაოების დაფინანსების მიზნით, კერძოდ მსხვილფეხა საქონლის შეძენის, შიდა ინფრასტრუქტურის და საწარმოს გაფართოებისთვის ძირითადი საშუალებების (სადგომების მოწყობა; უახლესი ტექნიკის შეძენა) დაფინანსების მიზნობრიობით გაიცა.