“ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება ხელს შეუწყობს ეკონომიკურ-კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას”

თბილისი (BPI) – ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა. გაერთიანების მთავარ მისიას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი ღონისძიებების შექმნა წარმოადგენს, რომელიც სწორედ ინვესტიციებზე, ტურიზმსა და ქვეყნებს შორის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაზე იქნება ორიენტირებული.

მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს ბაზარზე ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი ბიზნესკომპანიები და კორპორაციები: „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „რომპეტროლი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, ავიაკომპანია „Air Astana” და „GK logistics“. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს სცდება.

ყაზახეთი-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები, რა პოტენციალი გააჩნია ამ ორ ქვეყანას კიდევ უფრო გაამყაროს ერთმანეთთან ეკონომიკური თუ კულტურული კავშირები, გვესაუბრება ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში, გიორგი ჯახუტაშვილი.

– როგორ შეაფასებდით ყაზახური ინვესტიციების როლს ქართულ ეკონომიკაში, რა პოტენციალი გააჩნია საქართველოს, განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ?

– ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს ალტერნატივა არ გააჩნია და 2020 წლის კრიზისმა ამას ხაზი კიდევ მეტად გაუსვა. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ეკონომიკების აღსადგენად საინვესტიციო ბაზრების კონკურენტებად გადაიქცა. განხორიცლებული ინვესტიციების მოცულობის განსაზღვრისთვის 2020 წელი შეფასებისთვის კარგი ეტაპ არ არის, მაგრამ თუ გავითალისწინებთ, რომ ყაზახური ინვესტიცია საქართველოში 2006 წლიდან ხორციელდება და მისი მაჩვენებელი, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, 240 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, რომელსაც ცალსახად თავისი მულტიპლიკაციის ეფექტიც გააჩნია და საორიენტაციოდ მშპ-ს 5%-ს გამოიმუშავებს. დღეისათვის, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში ყაზახური ინვესტიციების როლის შესაფასებლად მხოლოდ ეს არგუმენტიც საკმარისია. საქართველოს სტაბილურ განვითარებას წლიურად 2 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ესაჭიროება.

– რომელ მნიშნელოვან პროექტებს გამოყოფდით, რომელიც სახელმწიფოების ჩართულობით, ან კერძო ინვესტორების სახელით ამ ეტაპზე ხორციელდება?

სახელმწიფო დონეზე არ არსებობს ერთობლივი პროექტები, თუ არ ჩავთვლით ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს, რომელშიც ყაზახეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა. სქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით უკვე წარმოდგენილია ბანკი, პორტი, ნავთობკომპანია და ავიახაზები, რომლებსაც წლების განმავლობაში თან შემოყვა ბევრი კერძო სუბიექტი, რომლებმაც ფული ძირითადად უძრავ ქონებაში ან სხვა საშუალო ბიზნესში დააბანდეს, დაასაქმეს საკმაოდ ბევრი ადამიანი და სურთ, აღნიშნული საქმანობების განვითარება. სხვადასხვა დარგებში დაგროვილი კაპიტალი ინერციით წარმოშობს კერძო ინიციატივებს და სხვადასხვა ახალი პროექტი იქმნება. არსებული პროექტები და ინიციატივები ერთობლიობაში წარმოადგენს იმ რესურსს, რომელსაც ხელშეწყობის შემთხვევაში შეუძლია კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, ამასთან, თავად იქცეს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის არხად, რადგან არსებობს პოტენციალი და რესურსი, რომელიც ჯერ კიდევ გამოუყენებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ფოკუსირებული იყოს ყველა ქვეყანაზე ინდივიდუალურად, რათა შევძლოთ თითოეულის პოტენციალის მაქსიმალური ათვისება. აუცილებელია, გავეცნოთ აღნიშნული სეგმენტის ინტერესებს, მათ საჭიროებებს და მხარი დავუჭიროთ.

– საქართველოში რომელი სფეროებია უფრო მიმზიდველი ყაზახი ინვესტორებისთვის? კერძოდ, ეკონომიკის რომელ სფეროებში სურთ ინვესტიციების განხორცილება?

– ყაზახეთისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ქვეყანაა საერთაშორისო ვაჭრობის ბიზნესისთვის, რადგან მას გააჩნია ლოგისტიკურად კარგი მდებარეობა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უდიდეს ბაზრებთან, როგორიც არის ევროკავშირი და ევროკავშირი. მოგეხსენებათ, რომ ყაზახეთს აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით აქვს ევროპულ ბაზრებზე გასვლის ალტერნატიული სატრანზიტო დერეფნის შესაძლებლობა, ე.წ შუა კორიდორი, რაც ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფანია. აღნიშნული დერეფნის საშუალებით იქმნება შუა კორიდორი აზიასა და ევროპას შორის, რომელიც გადაზიდვების დროისა და ხარჯების მნიშვნელოვან ეკონომიის პოტენციალს შეიცავს. სხვადასხვა ნედლეულის კავკასიის რეგიონში მობილიზებას კი თავისთავად უბიძგებს გადამუშავების სექტორის ზრდას. სახელმწიფო მნიშვნელობის მიღმა ყაზახეთიდან ინტერესდებიან საქართველოს ტურიზმის, ენერგეტიკით, საფინანსო და უძრავი ქონების სექტორებით.

– როგორ ხედავთ პორტის ინდუსტრიაში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს?

– საქართველოს საპორტო ინდუსტრიაში ყაზახური ინვესტიციები განხორციელდა 2006 წელს ბათუმის ნავთობ ტერმინალში, რომელსაც მართვაში აქვს ბათუმის პორტი, თუმცა მოცემული პორტის ინფრასტრუქტურა ძირითადად ნავთობპროდუქტებზეა გათვლილი და მშრალი ტვირთების გადამუშავების რესურსი თითქმის ამოწურული აქვს. საშუალო ვადაში განვითარების ცხადი პერსპექტივა გააჩნია ფოთის პორტს და მომავალში ალბათ ანაკლიის პორტიც განვითარდება. წინა კითხვაში განხილული შუა კორიდორის პერსპექტივის ათვისება პირდაპირ კავშირშია საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გამოყენებასთან, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ საპორტო ინფრასტრუქტურა ვერაფერს გახდება, თუ საქართველოს, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის ყველა სახმელეთო და კასპიის სატრანზიტო ინფრასტრუქტურა არ გათანაბრდა გამტარუნარიანობაში. ამისათვის საკმაოდ კარგი პლატფორმაა შექმნილი TMTM-ის სახით და პანდემიის შეზღუდვების მოხსნასთან ერთად საქმიანობის გააქტიურების მოლოდინიც არსებობს.

– რა გეგმები აქვს ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებას, რა იქნება მისი მთავარი საქმიანობის მიმართულებები?

– 26 მარტს, ძალიან მნიშვნელოვან უპრეცენდენტო კავშირს ჩავუყარეთ საფუძველი. ყაზახეთისა და საქართველოს ურთიერთობა საჭიროებდა ერთიანი პლატფორმის არსებობას, სადაც მოხდებოდა ამ ორი ქვეყნისთვის აუცილებელი და საჭირო გადაწყვეტილებების მიღებისთვის ნიადაგის მომზადება. ამ მიზნით, ძალიან საამაყოა, რომ გავერთიანდით ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი კომპანიები – და დავაფუძნეთ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც სწორედ საერთაშორისო ვაჭრობასა და სატრანსპორტო სერვისების განვითარებაზე, სხვა ტიპის ინვესტიციებზე, ტურიზმსა და ქვეყნებს შორის სოციალურ და კულტურულ ცხოვრების ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენ გვჯერა, რომ აღნიშნული კავშირით, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას ფოკუსირებულად გამოვიკვლიოთ და გადავჭრათ დღეს არსებული პრობლემები, ხელს შევუწყობთ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას. განსაკუთრებით დღევანდელი კრიზისის ფონზე, ნამდვილად მნიშვნელოვანია ეკონომიკურ პარამეტრებზე ფოკუსირება და მის ზრდაზე ორიენტირება. შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევასა და პასუხიმგებლობას ვიზრუნოთ ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებაზე.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …