თბილისი (BPI) – 19 მაისს, 19:00 საათზე ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთაინების ინიციატივით, ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის კვლევის შედეგების ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება.
აღნიშნული კვლევა ჩატარდა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების და TBC კაპიტალის ერთობლივი ძალისხმევით. მნიშვნელოვანია, შექმნილი დოკუმენტი მოიცავს 2006-2020 წლის სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს ვაჭრობის. ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით, რაც ქვეყნებს შორის მომავალი საქმიანობის ეფექტიანად განსაზღვრის, დაგეგმვისა და მართვის შესაძლებლობას იძლევა.
ღონისძიებაზე მოწვეული არიან სახელმწიფო სტრუქტურების, ბიზნეს ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ეკონომიკის დარგის ექსპერტები და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებლები. შეხვედრას, რომელიც სამუშაო ფორმატში გაიმართება, წარუძღვება ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მმართველობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი და თიბისი კაპიტალის უფროსი ასოცირებული მკვლევარი ანდრო თვალიაშვილი. პრეზენტაციის დასასრულს დაგეგმილია ღია დისკუსია.
ყაზახურ-ქართული გაერთიანების ფბ გვერდზე შეხვედრის პირდაპირი ეთერი გაიმართება.
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით 26 მარტს დაფუძნდა. გაერთიანების მთავარ მისიას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი ღონისძიებების შექმნა წარმოადგენს, რომელიც ინვესტიციებზე, ტურიზმსა და ქვეყნებს შორის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაზე იქნება ორიენტირებული. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს ბაზარზე ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი ბიზნესკომპანიები და კორპორაციები: „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „რომპეტროლი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, ავიაკომპანია „Air Astana” და „GK logistics“. საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს სცდება.